მდინარაძე: რაც არ უნდა გაერთიანებები მოხდეს, ჩვენს კანდიდატს კონკურენტი არ ეყოლება

ქართული ოცნება

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს უკვირს, რომ შალვა შავგულიძე შუალედურ არჩევნებში თავისუფალი დემოკრატების და ევროპული საქართველოს ერთობლივი კანდიდატია. ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების კანდიდატი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და მას კონკურენტი "მაინც არ ეყოლება".

"ძალიან გამიკვირდა, რომ არ დაგიმალოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთერთი შტოს წარმომადგენლებთან ერთად ბატონმა შალვამ მიიღო ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას აქვს გარკვეული ახსნა ამის და თავად უნდა ჰკითხოთ. თუმცა ჩვენი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ რაც არ უნდა გაერთიანებები მოხდეს, ჩვენ მიერ დასახელებულ კანდიდატს, რომელიც ალბათ რამდენიმე დღეში უკვე წარსდგება საზოგადოების წინაშე, კონკურენტი ამ შემთხვევაში, მაინც არ ეყოლება" - თქვა მდინარაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა მთაწმინდის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე, ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონკრეტულ პასუხს არ გასცემს.

"შეგიძლიათ, ძალიან ბევრზე მკითხოთ გამორიცხვის მეთოდით, მაგრამ არც ერთზე არ გაგცემთ კონკრეტულ პასუხს, არასწორი დასკვნები რომ არ გამოიტანოთ" - თქვა მდინარაძემ.

21 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები პოლიტიკურ ბლოკს ქმნიან. ისინი პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატს, შალვა შავგულიძეს ასახელებენ. პარტიების ლიდერების თქმით, მათ გრძელვადიანი, სტრატეგიული პოლიტიკური თანამშრომლობა დაიწყეს. 

კომენტარები