თამბაქოს გაძვირება

უაქციზო სიგარეტებზე დაწყებული სს საქმეები იანვრიდან მარტამდე 2018-თან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა

2019 წლის პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. ფილტრიანი სიგარეტის ადვალური (იმპორტირებული პროდუქტის ღირებულების პროცენტული გადასახადი) კი - 10%-დან 30%-მდე, რამაც სიგარეტის 1 კოლოფზე ფასი, 6 თებერვლის მონაცემებით, 1 ლარით გაზარდა.

სიგარეტზე ფასის ზრდამ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობით შემოტანა გამოიწვია. 

ტაბულამ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უაქციზო სიგარეტზე 200%-ით მეტი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. 

2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტზე 13 სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 2018 წელს ეს მონაცემი არ შეცვლილა, ხოლო 2019 წელს კი 39-მდე მოიმატა, რაც 3-ჯერ ზრდას გულისხმობს. 

შედარებისთვის, 2017 წლის 1 იანვრიდან 14 მარტამდე პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა ჯამში 13 431 უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2018 წელს - 26 612, ხოლო 2019 წელს კი გასულ წელთან მიმართებით მონაცემი 707-ით გაიზარდა და 27 319 კოლოფი შეადგინა. 

ტაბულა დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს კითხვით, ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდა, თუ არა. პასუხში შემოსავლების სამსახური 707 კოლოფს "მცირედით ზრდას" უწოდებს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეების ზრდას შემდეგნაირად ხსნის: 

"სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის მატება კი გამოწვეულია ძირითადად იმ
გარემოებით, რომ აქციზის განაკვეთის ზრდასთან ერთად, სიგარეტის ღირებულებაც
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი".

თუმცა, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თამბაქოს იმპორტზე აქციზის ზრდასთან ერთად სიგარეტის კონტრაბანდის რისკიც გაიზარდა. 

"ბუნებრივია, აღნიშნულის პარალელურად გაძლიერდა საბაჟო კონტროლი საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, რის შედეგადაც გაიზარდა გამოვლინებათა რიცხვი, როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაქვემდებარებულ ქმედებათა, ასევე ადმინისტრაციულ და საგადასახადო სამართალდარღვევათა მიმართულებით,"- წერს შემოსავლების სამსახური. 

უწყებისვე ცნობით, საბაჟო კონტროლის სხვა ფორმებთან ერთად კინოლოგიური მომსახურებაც გამოიყენება. 

"სიგარეტის კონტრაბანდის მიმართულებების, გამოყენებული საშუალებებისა და ასეთ საქმიანობაში შემჩნეული პირების გათვალისწინებით, ინტენსიურად ხორციელდება მუშაობა შესაბამისი რისკის პროფილების შემუშავება-განახლებისა და დანერგვის კუთხით,"- გვპასუხობს შემოსავლების სამსახური. 

ეკონომისტი აკაკი ცომაია ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში უაქციზო სიგარეტის შემოდინების ზრდა ლოგიკურია. ცომაია თვლის, რომ უაქციზო სიგარეტების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ამის სავარაუდო მიზეზებს განმარტავს. 

"მე ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლება, მთელი რესურსიც რომ დახარჯოს ამასთან ბრძოლაში, ვერ მოახერხებს ამის შეჩერებას იმიტომ, რომ საზღვრები ფაქტობრივად დაუცველია. უამრავი საშუალება არსებობს, რომლის მეშვეობითაც უაქციზო სიგარეტის შემოტანა შესაძლებელია. მით უფრო, რომ ხელისუფლება საზღვრებს ვერ აკონტროლებს.

ამასთან ერთად, ხელისუფლებაში აუცილებლად იქნება ვიღაც მავანთა ინტერესი, ლობირებდეს ასეთი ტიპის ცალკეულ გარიგებებს ან ვიღაცის მიმართ აწარმოებდეს ბრძოლას, მაგრამ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში შევლენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ეს ჩვეულებრივი პროცესია ხოლმე," - განმარტავს აკაკი ცომაია. 

ეკონომისტი იხსენებს, რომ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის წლებში, რამდენჯერაც ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ "გადამწყვეტი ბრძოლა" გამოაცხადა, იმდენჯერ უფრო მეტად გაიზარდა კორუფცია ამის საპასუხოდ და სწორედ აქედან გამომდინარე სკეპტიკურად უყურებს მთავრობის ნებისმიერ მომდევნო ნაბიჯს, რომლითაც უაქციზო სიგარეტთან ბრძოლას შეეცდებიან. 

"ეს ყველაფერი არის პოლიტიკის შედეგი,"- ამბობს ცომაია. 
 
კითხვაზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ახლა შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ მთავრობის მიერ ერთბაშად შემოღებული რეგულაციები და აქციზის ფასის ზრდა არასწორი იყო, ცომაია გვპასუხობს, რომ "რა თქმა უნდა, ეს არასწორი იყო". მისი თქმით, ეს რეგულაციები სამომხმარებლო კალათასა და ადამიანის პირად შემოსავალზე აისახა, რადგან თამბაქო ისეთი კატეგორიის ჯგუფის საქონელია, რომელზეც ფასის ზრდა მის მოხმარებას არ ამცირებს, რადგანაც ადამიანი მასზე დამოკიდებულია. 

"ფასი იზრდება და მოხმარებაც იგივეა. ადამიანის ისედაც მწირ და შეზღუდულ ბიუჯეტს მომენტალურად აკლდება ეს თანხა, რაც მის მდგომარეობას ცალსახად აუარესებს,"- ასე აფასებს ეკონომისტი მთავრობის მიერ მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით მიღებულ ახალ რეგულაციებს. 

კომენტარები