არჩევნები 2019

კახაძის განცხადებები ზურაბიშვილზე, დეპუტატობაზე, ერთნაირსქესიანთა კავშირზე და სხვა თემებზე

ქართულმა ოცნებამ 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა. მის შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. ცნობილია, რომ კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ხოლო 2016 წელს მთაწმინდის ოლქში კენჭს იყრიდა პაატა ბურჭულაძის ბლოკის - სახელმწიფო ხალხისთვის სახელით. მაშინ კახაძემ 618 ხმა (2.65%) მიიღო.

გთავაზობთ ლადო კახაძის განცხადებებს, რომლებიც ქართული ოცნების კანდიდატმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა თემაზე გააკეთა.

ლადო კახაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო.

"უფლის ნებით, დედის სხეულგამოტარებულო სიყვარულის ნაყოფო, თქვენ მინდა, მოგესალმოთ, დედის სხეულგამოტარებულნო, ხაზს ვუსვამ, უპირატესნო. ქალთან ახლოს ვერავინ მივა, ვერასოდეს. ცოტა ხნის წინ, აქ იდგა შესანიშნავი ასული, რომელიც თქვენ მოგმართავდათ, იქ ვიჯექი და თავში გამიელვა, მანქანის სწორად და უსაფრთხო ტარებისათვის საქარე მინაზე წინმსვლელ მანქანას უკანა ხედვის სარკე აქვს, რა ადვილია ისეთი მანქანის ტარება, სადაც ისეთი უკანა ხედვის სარკე იყო, როგორიც ამ დიდებულ ასულს ჰქონდა, ის სასწაული წარსული, როცა უკან გაიხედავს იმას ხედავს...

...თუ ის მოღალატეა, მეც მოღალატე ვარ მასთან ერთად, თქვენც მოღალატეები ხართ. მის პასუხად ჩემს პასუხს გეტყვით, 2000 წლის წინ ნათქვამ სიტყვებს დავიხმარ - რასაც არ კრძალავს კანონი, კრძალავს წესიერება, შენ რომ კანონი იმის უფლებას გაძლევდეს რაც გინდა გააკეთო, შენმა წესიერებამ ეს არ უნდა გაგაკეთებინოს“. მათ აქვთ უფლება, დაწერონ ყველაფერი, წესიერებაზე რა მოგახსენოთ. ვისთვის უნდა დაგვეჭირა მხარი თუ არა ქალბატონი სალომესთვის, დიახაც მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ასულს, რომელიც, თუ რამე იქნება, მანდილჩასაგდები სიტუაცია, მასზე უკეთ ამას ვერავინ შეძლებს" - ამბობდა კახაძე 2016 წლის 5 ოქტომბერს, ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

2016 წელს ლადო კახაძემ მთაწმინდის მაჟორიტარად იყარა კენჭი, თუმცა, მხოლოდ 618 ხმა მიიღო. მაშინ კანდიდატი ამბობდა, რომ ძალიან უნდოდა დეპუტატობა.

"პოლიტიკურ ველში დაბრუნების მცდელობა მქონდა, ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, ვუპასუხე - არ არის სწორი შეფასება, მე ვიყავი პატარა რუში და მდინარე სხვა რამეა მეთქი... თვითმმართველობა მაინც პატარაა, სხვადასხვა დონეებია, ქვეყანას ამხელა გამოწვევები აქვს, ალალად გეტყვით სიმართლეს, არ დავმალავ, ძალიან მინდოდა, პარლამენტში ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ ის ტრიბუნა საშუალებას მომცემდა, იქიდან მელაპარაკა ადამიანებთან. დარწმუნებული ვარ, ცუდს არაფერს ვიტყოდი. მეორეც არის, ანგარებიანი ურთიერთობა და ძალაუფლების სიყვარული არ მახასიათებს, დარწმუნებული ვარ, ბევრს გაეხარდებოდა ჩემი იქ დანახვა, მაგრამ ასეთი არჩევანია და ამის წინააღმდეგ ვეღარ წავალ, ახლა უკვე იმ ასაკში ვარ, აღარ იქნება პოლიტიკაში მოსვლის დრო, ასე რომ ამით დავამთავრე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა" - ამბობდა ლადო კახაძე 2016 წელს, "ქრონიკა პლუსის" რუბრიკაში "ყოფილები".

ექიმი ერთნაირსქესიანთა ურთიერთობას "სექსუალური ორიენტაციის აღრევას" უწოდებდა.  

"მუცლად ყოფნის პერიოდში დედაზე, გენეტიკური ვალდებულების გათვალისწინებით, გარე ფაქტორების ზემოქმედებით შეიძლება მოხდეს ორსული ქალის დისბალანსი და უკვე დაბადებულ ნაყოფს გამოჰყვეს სისუსტეები, ანუ დაიბადოს გარეგნულად ერთი სქესობრივი ნიშნების მქონე ბავშვი, რომელსაც ბიოლოგიურად საწინააღმდეგო სქესის სუბსტანცია ექნება, ანუ დაირღვევა ის პროპორციები, წონასწორობა... შემდეგ ამას ცოტა წაეხმარები ტელევიზიით, სკოლაში ასწავლი, ქალისა და ქალის, კაცისა და კაცის კოცნაობას აჩვენებ და იმ წამსვე წამოჰყოფს თავს ის სისუსტე, რომელიც ნაყოფს საშოდან გამოჰყვება... ადამიანი მხოლოდ სქესობრივი გზით უნდა გამრავლდეს - ქალისა და კაცის შეუღლებით. ამ წონასწორობის დარღვევა დედამიწაზე მცხოვრებთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. ეს არის მალთუსის კაცთმოძულე თეორიის ბიოლოგიური გზით განხორციელების საშუალება" - ეს ამონარიდია ლადო კახაძის ინტერვიუდან, რომელიც მან 2017 წლის ოქტომბერში, საქართველო და მსოფლიოს მისცა.

ლადო კახაძეს არც სექსუალური შევიწროების კანონპროექტი მოსწონდა.

"ერთი სული მაქვს, გიყურო, რამდენიც მინდა ხანი, დავუშვათ. შენ რომ ჩემი ჯინი გქონდეს, [მითხრა] - მიყურებ დაჟინებული მზერით და რაღაც გამომწვევად... და შენ რომ ჩემი დასჯა გინდოდეს, ფაქტია, რომ გიყურებ მართლა, ამდენი ხანია, გაშტერებული გიყურებ, მაგრამ შენ შეიძლება, ეს გამოიყენო ჩემ საწინააღმდეგოდ, ძალიან დიდ საფრთხეებს ვხედავ" - მიმართა ლადო კახაძემ ინგა გრიგოლიას 2017 წლის 9 ნოემბერს, TV პირველის ეთერში.

ლადო კახაძეს 9 აპრილის მემორიალზე ანი სუბელიანის ცეკვის ფაქტზეც აქვს განცხადება გაკეთებული. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტმა პროტესტის ადგილი სწორად ვერ შეარჩია.

"რა აფექტი ჰქონდა იმ გოგოს, როცა ეს ქმედება ჩაიდინა... ჩვენ როკვით განვფინეთ ქართული გენია და ყველა გვიწონებდა ამას, მაგრამ ის ცეკვა რაოდენ პროტესტის ფორმაც არ უნდა ყოფილიყო, ადგილი არ შეირჩა სწორად. ის ადგილი არ შეიძლება... თხოვნა მაქვს ყველასთან, როცა აღელდებით, ძალიან როცა გაბრაზდებით, კარები გააღეთ, ბრაზი შეუშვით და გამოხურეთ კარები. იცი რატომ? თქვენ რომ ბრაზიანად შეხვიდეთ ამ კარებში, უფრო მეტს დააშავებთ, ვიდრე სიკეთეს" - ამბობდა კახაძე.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძეა, გირჩის - ჰერმან საბო. ასევე ცნობილია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს კობა დავითაშვილი.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. 

კომენტარები