თამაზ ახობაძის საქმე

ახობაძემ თანამდებობა დატოვა და შესაძლოა წულუკიანს ცრუ ინფორმაციის გავრცელებითვის უჩივლოს

იმედი

2014 წელს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, თამაზ ახობაძემ, თანამდებობაზე აღდგენიდან რამდენიმე კვირაში სამსახური დატოვა. 

ამის შესახებ ახობაძემ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვრცლად ისაუბრა. 

"იქიდან გამომდინარე, რომ 5-წლიანი დავის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ჩემი მიზანი შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს, მე 14 მარტს მივმართე დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. განცხადება ხუთშაბათს, 21 მარტს, იქნა დაკმაყოფილებული და დღეიდან მე აღარ ვარ დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი,"- წერს ახობაძე. 

ამასთან, ის სიცრუეს უწოდებს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას, რომელმაც 20 მარტს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში გამოსვლის დროს თქვა, რომ ახობაძე ფულზე ვაჭრობდა და ითხოვდა, რომ განაცდურზე 1 თეთრი მაინც მოემატებინა უწყებას.  

თამაზ ახობაძე ამბობს, რომ ვერსად ვერცერთ მის გამოსვლასა თუ წერილობით დოკუმენტში ვერ მოიძებნება მის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება. მისი თქმით, ისედაც ლოგიკურია, რომ თუ ფულზე ვაჭრობდა "ერთი თეთრი", როგორც ფული, მისთვის საინტერესო არ იქნებოდა. 

"ჩემი ბრძოლის მიზანი არ ყოფილა სამსახურში, ხუთი წლის წინ დაკავებულ თანამდებობაზე, დაბრუნება და შესაბამისად, მორიგების ეტაპზე მე არაერთხელ შევთავაზე დანაშაულის პრევენციის ცენტრს ალტერნატიული გზები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სანაცვლოდ. ანუ, თავად ვამბობდი უარს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ, კონკრეტულ პოზიციაზე აღდგენაზე, სხვა პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში (ა) სხვა ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენა; ან ბ) ვერ-აღდგენის კომპენსაცია; გ) ბოდიშის მოხდა). სწორედ ჩემს მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი ალტერნატივის ინტერპრეტაციაა თითქოს მე ვითხოვდი, დამატებით თანხას, სინამდვილეში კი, მე ვითხოვდი არა დამატებით თანხას, არამედ თუ ვერ აღმადგენდნენ იმ შემთხვევაში მოეცათ განაცდურს დამატებული ვერ-აღდგენის კომპენსაცია. ჩემს მიერ შეთავაზებული ალტერნატივები დადასტურებულია მორიგების მონაწილე მხარეების ხელმოწერებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მორიგების ოქმებში. 20 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ დამადანაშაულა ფულზე ვაჭრობაში: “ეს ადამიანი იძახდა, აღდგენა არ მინდა, განაცდურზე ერთი თეთრი მაინც დამიმატეთო და რეალურად, ვაჭრობდა თანხაზე." ეს განცხადება არის სიცრუე. ვერსად, ვერცერთ ჩემს გამოსვლაში თუ წერილობით დოკუმენტში ვერ ნახავთ ჩემს მიერ გაკეთებულ ასეთ განცხადებას. ალბათ, ისედაც ლოგიკურია, რომ თუ ფულზე ვვაჭრობდი "ერთი თეთრი" როგორც ფული ჩემთვის საინტერესო არ უნდა ყოფილიყო,"- წერს თამაზ ახობაძე Facebook-ზე. 

ახობაძის თქმით, იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია და მან შესაძლოა წულუკიანს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და მისი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის გამო უჩივლოს. 

"მე, თამაზ ახობაძე, ვიწყებ იურისტებთან კონსულტაციების გავლას, რის შემდეგაც არ გამოვრიცხავ მოვამზადო სარჩელი ქალბატონი თეა წულუკიანის წინააღმდეგ ჩემს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ჩემი პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის გამო,"- ამბობს ახობაძე. 

თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა. 

იმ პოზიციაზე, რომელსაც თამაზ ახობაძე იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ რადგან მის სამუშაო ადგილს ეხებოდა დავა, ის თავიდანვე ჩართული უნდა ყოფილიყო პროცესში და ამის გამო ითხოვდა სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დავის თავიდან დაწყებას. სააპელაციო სასამართლომ მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმის თავიდან განხილვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა. იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მეორედ 2018 წლის 23 ივლისს მოუგო. უზენაესის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს მეორედ დაევალა ახობაძის სამსახურში აღდგენა და მისთვის განაცდურის ანაზღაურება. 

იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ 2019 წლის თებერვალში შეასრულა. იქამდე, თამაზ ახობაძემ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართა, მათ შორის, შიმშილობას.

კომენტარები