ია კერზაიას საქმე

ISFED: ზუგდიდის #6 სკოლის შემოწმებისას სავარაუდო პოლიტიკური დისკრიმინაცია იკვეთება

0 კომენტარი
ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია ფოტო: fb.com

"განათლების სამინისტროს მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები" - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) დასკვნა. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირება. 

სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ "მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე აჩენს ეჭვებს". 
ISFED-ის ცნობით, საეჭვო ვადების გარდა, ასევე ბუნდოვანია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების დაწყების საფუძველიც. ამასთან, 26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ "არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით, გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ". 

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამინისტრომ მართლაც ჩაიბარა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო განცხადებაზე, რომელიც არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით სავალდებულოდ დადგენილ მოთხოვნებს, სამსახურეობრივი გულგრილობის ნიშნები იკვეთება. 

"მეორე მხრივ, თუ განმცხადებელი მოქმედებდა სხვისი სახელითა და გვარით და განცხადებაზე გააყალბა ხელმოწერა, მისი ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. თუ სამინისტრომ ანონიმური განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და მის საფუძველზე ჩაატარა სკოლაში ინსპექტირება, ეს ქმედება ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ იმპერატიულ მოთხოვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს ჩატარებული ინსპექტირების კანონიერებას,"- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

ამასთან, ანგარიშში ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ინსპექტირების მარეგულირებელ აქტებში ბუნდოვან კრიტერიუმებზე, ინსპექტირების დაწყების ბუნდოვან საფუძველზე, ინსპექტირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საეჭვო ვადებსა და ისნპექტირების პროცესუალურ დარღვევებზე. გარდა ამისა, ორგანიზაცია წერს, რომ ინსპექტირების დასკვნაში მოყვანილი შეფასებები გადაჭარბებულია, ხოლო გაცემული რეკომენდაციები კი ვერ პასუხობს სკოლის წინ მდგარი რეალური გამოწვევების გადაწყვეტას. 

სამართლიანი არჩევნების ცნობით, 2018 წელს სამინისტრომ ჯამში 7 ინსპექტირების სამუშაო ჩაატარა. აქედან 6 კი ნოემბრის თვეში - საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, სამინისტროში ნოემბრის თვეში ჩატარებული შემოწმებებიდან 3 სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკოლებში განხორციელდა. ამასთან, ISFED-ის ცნობით, 8 ნოემბერს სამინისტროში განცხადებები ერთდროულად 3 სკოლის შესახებ შევიდა, რომელთა შორის ერთერთი სწორედ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლა იყო. 

"სამივე მათგანთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ ინსპექტირების დაწყებაზე გადაწყვეტილება იმავე დღეს - 8 ნოემბერს მიიღო. იმ ფონზე, როდესაც განათლების სამინისტროს 2018 წლის თებერვლის შემდეგ ინსპექტირების ჩატარების არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია, გაუგებარია, როგორ მოხდა სამი სხვადასხვა სკოლის ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილების ერთ დღეში მიღება, რაც ძალიან მცირე დროს წარმოადგენს სამინისტროს მსგავსი დაწესებულებისთვის განცხადების შესასწავლად და მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად,"- წერს ორგანიზაცია. 

ISFED ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის, რომელიც ამ რიცხვებზე ამახვილებს ყურადღებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება.

ISFED-ის დასკვნით, ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების, მათ შესახებ ია კერზაიას მიერ ინსპექტირების დაწყებამდე შესაბამის უწყებებთან გაგზავნილი წერილებისა და ინსპექტირების შემდეგ სამინისტროში წარდგენილი ახსნა-განმარტებების ბარათის შესწავლა ცხადყოფს, რომ გამოვლენილი დარღვევებიდან:

"სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების შესახებ ინსპექტირების დაწყებამდე თავად სკოლის დირექტორი ითხოვდა დახმარებას; ქონების განკარგვის საკითხში იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა უკვე დაწყებული იყო; ლიცენზიის მოქმედების ვადაგასულ აუდიტორულ ფირმასთან თანამშრომლობის საკითხი კი არ წარმოადგენდა უნიკალურ პრობლემას მხოლოდ ზუგდიდის #6 სკოლისთვის, რადგან სამეგრელოს რეგიონის სკოლების დიდი ნაწილი იმავე ფირმის აუდიტის მოსმსახურებით სარგებლობდა, მათ შორის ზუგდიდის #6 სკოლაში ინსპექტირების შემდეგაც - 2019 წლის იანვარში. ამასთან, ინსპექტირების სამსახურის დასკვნაში გათვალისწინებული არ არის სკოლის დირექტორის ახსნა-განმარტება ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სკოლის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებებისა და სამომავლო ნაბიჯების თაობაზე,"- წერია ISFED-ის დასკვნაში. 

ისნპექტირების დასკვნასთან მიმართებით ISFED აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტონი და გაცემული რეკომენდაციები სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების დრამატულად წარმოჩენაზეა ორიენტირებული. მათივე ცნობით, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად ცალსახად იკვეთება, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის დასკვნა და მის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული არ არის სკოლის, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესრულების გაუმჯობესებაზე, რაც შიდა აუდიტის თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს არ შეესაბამება. 

"შიდა აუდიტმა აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საკუთარი რეკომედაციებით შესაბამის თანამდებობის პირებს დახმარება უნდა გაუწიოს ეფექტური კონტროლის გაძლიერების მექანიზმების დანერგვაში, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ამის სანაცვლოდ, ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე სამეურვეო საბჭოს უნდა ემსჯელა სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია მიმართული არ არის დარღვევების გამომწვევი მიზეზების მოგვარებისკენ და ის ორიენტირებულია მხოლოდ სკოლის და მისი დირექტორის დასჯაზე,"- წერია დასკვნაში. 

ISFED-ის ცნობით, მათ ასევე შეისწავლეს ის სამართლებრივი აქტები, რომლითაც საჯარო სკოლებში ინსპექტირების პროცესი რეგულირდება. მათი ინფორმაციით, ამ აქტების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ შიდა აუდიტის დებულებით არ არის დადგენილი ის ძირითადი სტანდარტები, მეთოდოლოგია და ვადები, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტი ინსპექტირების პროცესში ხელმძღვანელობს. 

"ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ საჯარო სკოლების ინსპექტირება ბუნდოვან კრიტერიუმებზეა დაფუძნებული, რაც ფართო დისკრეციას უტოვებს ინსპექტირების განმახორციელებელ პირებს.

#6 სკოლაში სამინისტროს მიერ ჩატარებული საეჭვო ინსპექტირების გარდა #7 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათელა ხორგუანზე სავარაუდოდ ზუგდიდის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მიერ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება, სოფელ კორცხელის საჯარო სკოლაში პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლა და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიერ ამავე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში აღმოჩენილი ე.წ. "მხარდამჭერთა სიების" შეგროვების პროცესი ნათლად მიუთითებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა,"- წერს ორგანიზაცია.

საქმეზე გარემოებების შესასწავლად "სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს

მთავარ პროკურატურას: 

  • "დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, კახაბერ ფარცვანიას მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე;
  • დროულად, სრულყოფილად და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების ფაქტი და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული". 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • "შეიმუშავოს ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტმანეტი საჯარო სკოლებში სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლისას ისარგებლებს. აღნიშნული აუცილებელია ინსპექტირების კანონიერად და ობიექტურად განსახორციელებლად, რაც გაზრდის ინსპექტირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ნდობას და ასევე მიღებული გადაწყვეტილების ხარისხს;
  • წინასაარჩევნო პერიოდში, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოს სკოლებში ინსპექტირების განხორციელებისგან".

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები