კონტრდაზვერვა

სუს-ი: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ეთნიკური დაპირისპირება, ანტიდასავლური განწყობები სურთ

www.komando.com

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები 2018 წელს საკუთარი მიზნების მისაღწევად ჰიბრიდული ომის მეთოდებს იყენებდნენ აქტიურად. 

ამის შესახებ საუბარია სუს-ის ანგარიში, რომელიც უწყებამ პარლამენტს გადაუგზავნა.

დოკუმენტში წერია, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას, ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას, მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას და საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას.

ანგარიშში მითითებულია, რომ 2018 წელს კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, მათი დაინტერესების სფეროების, მათ მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების დადგენისკენ და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ. ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი ორგანიზაციების, ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენის, მათგან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთისაკენ.

"მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, დესტაბილიზაციის, არეულობის ცალკეული კერების შექმნისა და საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობა, ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა", - წერია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, ჰიბრიდული ომის ფარგლებში დაინტერესებული მხარე აქტიურად იყენებდა დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს, ასევე მედიასა და სოციალურ ქსელებს.

"საანგარიშო პერიოდში "ჰიბრიდული ომის" მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია. ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენა", - წერია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, უწყების კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მათი ინტერესებიდან გამომდინარე, სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერსაშუალებებს

სუს-ი ამბობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების მიერ "სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება".

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ვითარების გათვალისწინებით, ვითარების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახდენდნენ. სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ხორციელდებოდა ღონისძიებები ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის და მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება-განეიტრალების მიმართულებით.

"გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა "ჰიბრიდული ომის" ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება", - წერია უწყების 2018 წლის ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ გასულ წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა გრძელდებოდა.

"კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაწესებული იყო მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დამრღვევ პირთა გამოვლენისა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. აღნიშნული მიმართულებებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 9 საქმეზე", - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალების მხრიდან სხვა არაკანონიერი ქმედებების გარდა, იყო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობები.

"აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე", - წერია სუს-ის ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე ამბობს, რომ გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით.

"უცხო ქვეყნებზე ორიენტირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გამოყენებით მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. მუდმივი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობის ფონზე საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნა", - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვითვე, 2018 წელს ასევე გამოიკვეთა საქართველოში არსებული ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნების კომერციული ორგანიზაციები ცდილობდნენ, მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირებისთვის გამოეყენებინათ.

სუს-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უწყება აქტიურად მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფისთვის, რადგან ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები თავდაცვის სფეროში არსებული ვითარების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების მიმართ აქტიურ ინტერესს იჩენდნენ. 

"აღნიშნული მიმართულებით სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები", - წერია ანგარიშში.

სუს-ი ასევე ამბობს, რომ 2018 წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სახელმწიფო ორგანოებში საიდუმლოებისა და უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას.

ანგარიშში მითითებულია, რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა გასულ წელს 77 ორგანიზაციასა და დაწესებულებაზე გაიცა, ხოლო ოთხს უარი ეთქვა "გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით".

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, სუს-ის დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებას 2018 წელს სულ 3200-მდე ადამიანი ითხოვდა და აქედან 600-მდე ადამიანზე ეს ნებართვა გაიცა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, 300-მდე პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის კუთხით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში საუბარია მიგრაციაზეც. დოკუმენტში წერია, რომ 2018 წელს კვლავ მაღალი იყო საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რიცხვი.

"ხშირ შემთხვევაში თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით უცხოელები ახერხებენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ითხოვენ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმით საქართველოში დარჩენის ნებართვის გაცემას", - აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, გამოავლინეს 1200-მდე პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას ცდილობდნენ.

"აღნიშნული პირების ქვეყნიდან გაძევების, ასევე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და კოორდინირებულად მოქმედებდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად", - წერია დოკუმენტში.

ამასთან, სუს-ი წერს, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში ხდება და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქვეყანაში უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე არ შემოუშვეს.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 21 საქმეზე და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 48 პირი.

აღსანიშნავია, რომ უცხო ქვეყანის ინტერესებსა და დაზვერვაზე საუბრისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არსად მიუთითებს, რომელ ქვეყანას გულისხმობს.

ცნობისთვის, ანგარიშის სრული ვერსია თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალურად არ გაუვრცელებია. ის არ არის ხელმისაწვდომი არც პარლამენტის ვებ-გვერდზე. 

კომენტარები