ზვიად გამსახურდიას საქმე

"ბიუჯეტს თუ არ ექნება, მე გავაკეთებ, დიდი ზვიადის მადლი იქნება" - ივანიშვილი სოფ. ხიბულაში

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულას მცხოვრებლებს გაზისა და წყლის პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

"გაზიფიცირებაც დავუჩქაროთ, წყალიც დავუჩქაროთ აქ, ყველაფერი... ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ" - ამბობს ივანიშვილი.

მისივე თქმით, "ეს დიდი ზვიადის მადლი იქნება, მადლობა იმისთვის, რომ თქვენ მიიღეთ ბოლოს, გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, სირცხვილი იყო მთელი ერის, მაგრამ თქვენ ხომ შეიფარეთ და".

ერთმა მოქალაქემ ქართული ოცნების თავმჯდომარემ საბავშვო ბაღიც სთხოვა.

"მაგასაც მე აგიშენებთ, კი ბატონო, ურეკში გავაკეთე ახლა ძალიან კარგი საბავშვო ბაღი" - თქვა ივანიშვილმა.

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები სოფელ ხიბულაში გაატარა. სახლს, სადაც გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. მისი თქმით, ქვეყნის დიდი სირცხვილია ის, რომ დღემდე არ არის დადგენილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები.

31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო მთავრობამ სახელმწიფო კომისია შექმნა. პრემიერმა 28 მარტის ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ფოსტა საფოსტო მარკას გამოსცემს, ხოლო განათლების სამინისტრო "ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის" ზვიად გამსახურდიას სახელობის ყოველწლიურ პრემიას დააწესებს, ასევე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, წიგნები და ფოტოები. გარდა ამისა, რეგიონალური განვითარების სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით 2015 წელს განახლდა. 2018 წლის დეკემბერში საქმეზე ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, თუმცა, პირველი პრეზიდენტის შვილების შიმშილობის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა პარლამენტს, გაგრძელებულიყო გამოძიების ვადა. საკანონმდებლო ორგანომ გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაზარდა.

კომენტარები