ქალთა მიმართ და ჯახში ძალადობა

შსს-მ დავით ბაგრატიონის მხრიდან ანა ბაგრატიონის მიმართ შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 126(ოჯახში ძალადობის) მუხლით დაიწყო. შსს ასევე იმასაც ამბობს, რომ მანამდე ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონიათ, რადგან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სამართალდამცვებისთვის არ მიუმართავს. 

თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ ცოლზე ძალადობდა რუსთავი 2-ზე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა, ლევან გორელიშვილმა, გაავრცელა. 

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ძალადობას უარყოფს და ამას "სამეფო ოჯახის" ტიტულებისთვის ბრძოლას უკავშირებს. 

"ქალბატონი ანა გამოცხადდა საექსპერტო დაწესებულებაში 2014 წელს და განაცხადა მაისის თვეში, რომ ბატონმა დავითმა მიაყენა მას შეურაცხყოფა. ისმის შეკითხვა, რატომ არ განაცხადა ექსპერტმა პოლიციაში, თუკი დაინახა მან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. რატომ გახდა აღნიშნული აქტუალური დღეს, მაშინ, როცა ქალბატონ ანას გაახსენდა, რომ ტიტული აქვს თურმე თავის ყოფილ მეუღლესთან გასაყოფი და თურმე მის მეუღლეს მისთვის მართებს 90 ათასი ლარის გადახდა და ამ დროს ამოიღო აღნიშნული დოკუმენტი,"- თქვა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ პრესკლუბში "მთავარი". 

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელიშვილი ტაბულასთან ვრცლად საუბრობს და ამბობს, რომ ყოფილმა ქმრის მხრიდან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. გორელიშვილის თქმითვე, ეს მინიმუმ ერთხელ მათი მცირეწლოვანი შვილის, გიორგი ბაგრატიონის, თანდასწრებითაც მოხდა. 

ტაბულასთან საუბრისას გორელიშვილი სიცრუეს უწოდებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანა და დავითი 2013 წლიდან ერთად არ ცხოვრობდნენ. გორელიშვილი განმარტავს, რომ ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ცოტა ხნით მამასთან, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, ერთად თბილისში ცხოვრობდა, რადგანაც საგურამოს სახლში, სადაც წყვილი ცხოვრობდა, რემონტი მიმდინარეობდა. 

"რემონტის დამთავრების შემდეგ წყვილმა გარკვეული დრო გაატარა საგურამოშიც. თუმცა, ეს არ ყოფილა ისე, რომ 24 საათი ანა საგურამოში ყოფილიყო, რადგანაც ანას პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ის ბავშვები სკოლაშიც თბილისში დადიოდნენ და ერთი სიტყვით, მათ მიხედვა სჭირდებოდათ. პერიოდულად თბილისშიც რჩებოდა, კვირაში 3-4 დღე, როგორც ვიცი. დანარჩენ დროს საგურამოში ატარებდა. ის, რომ 2013 წლიდან წყვილს ერთად არ უცხოვრია, ეს სიმართლე არ არის. ანუ ერთად ცხოვრობდნენ, უბრალოდ, ანა პერიოდულად ვერ რჩებოდა საგურამოში იმის გამო, რომ შვილები ჰყავდა თბილისში,"- ამბობს ლევან გორელიშვილი. 

ტაბულას კითხვაზე, თუ რატომ გახდა ცნობილი ეს ფაქტი მაინცდამაინც ახლა, გორელიშვილი პასუხობს, რომ როდესაც სასამართლო დავაზე პირველი სიუჟეტები გავიდა, მაშინ მან პირველი არხის ჟურნალისტთან ისაუბრა ძალადობის შემთხვევებზე. მისი თქმით, ძალადობის შესახებ მტკიცებულება საქმეში 1 წელიწადზე მეტია დევს და, შესაბამისად, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარეს ერთ წელზე მეტია აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომჩივანი მხარე ამას ამტკიცებს. 

"თვითონ დავითისთვის ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნა არსებობდა, თავიდანვე იყო ცნობილი. აი, რამდენიმე დღით სახლში დატოვაო, რომ ვამბობთ, სწორედ იმიტომ დატოვა, რომ ცოტა ჩაცხრომოდა სახე და იმ სახით არ გასულიყო სახლიდან. დავით ბაგრატიონმა თავის ნათლულს სთხოვა, რომ თბილისიდან მედიკამენტები წაეღო, რომ ჩალურჯებები ჩაეცხრო ანასთვის და ეს დანახვადი არ ყოფილიყო ერთი სიტყვით,"- ამბობს გორელიშვილი. 

ლევან გორელიშვილმა ტაბულას მიაწოდა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ 2014 წლის მაისში გამოტანილი დასკვნა.

დასკვნის მიხედვით, "ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის 14.05.2014 წლის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე და ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები. სახეზე და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით".

ამავე დასკვნაში წერია, რომ სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით შეესაბამება იმ თარიღს, რომელიც ანა ბაგრატიონი-გრუზინსკიმ ტრავმის მიღების თარიღად დაასახელა. 





ტაბულას კიდევ ერთ შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიმართა ანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ლევან გორელიშვილი პასუხობს, რომ ანა ბაგრატიონი-გრუზინსკის თვითმიზანი "შვილის მამის პასუხისგებაში მიცემა არ არის". გორელიშვილის თქმით, ეს მტკიცებულება საქმეში ამ მიზნით არ მოხვედრილა.

"ეს მტკიცებულება ჯერ ერთი მოხვდა სამოქალაქო დავაში და სამოქალაქო დავაში ამას აქვს თავისი დატვირთვა, რომ რეალურად ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს, რის გამო ძალადობდა ეს ადამიანი ანაზე. ამ კონტექსტში გვაქვს ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი. და ძალადობის მოტივი იყო ამ შემთხვევაში იყო ის, რომ დავითს ქორწინების პირველივე დღიდან ასე ვთქვათ გაცისკროვნებული ჰქონდა, რომ მას უნდა მიეღო ნუგზარ ბაგრატიონისგან აღიარება, რომ იგი წარმოადგენდა უპირატეს შტოს ბაგრატიონებისას და მას ეკუთვნოდა სამეფო სახლის მეთაურის ტიტული. იგი თვლიდა, რომ თუ ვთქვათ, ასეთი მოქმედებებით ანას თანაცხოვრება დავითთან გაუსაძლისი გახდებოდა, მამას ამოუვიდოდა ყელში და დათანხმდებოდა მის მოთხოვნას,"- ამბობს გორელიშვილი. 

გორელიშვილი ამბობს, რომ პირველი ძალადობა ქორწინებიდან 1-თვენახევარში, 2009 წლის მარტში მოხდა. 

"28 მარტს იყო ანას ბაბუას, პეტრე გრუზინსკის დაბადების დღე და იმ დაბადების დღეზე მივიდა ანა და ეტყობოდა ჯერ კიდევ ძალადობის კვალი სახეზე. მერე ძალადობას ესპანეთშიც ჰქონდა ადგილი. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგაც. რამდენჯერმე მოხდა ძალადობა,"- ყვება გორელიშვილი. 

ადვოკატის თქმით, წყვილის არც დაოჯახება და არც განქორწინება თავიდან ბოლომდე მათ სურვილებზე არ ყოფილა დამოკიდებული, ვინაიდან ამ ოჯახის შექმნაში ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. 

"მე დავითის ადვოკატს სულ ვეუბნები, არ გინდათ ამ ფაქტის უარყოფა, სცადეთ რაღაც სხვა მოტივის ჩადება. იმიტომ, რომ როდესაც უარყოფისკენ მიდიან, მე იძულებული ვარ, რომ დავამტკიცო, რომ ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავიანთ მცირეწლოვან ბავშვს დღემდე ახსოვს, თვითონ არის შესწრებული ამას და დღემდე ახსოვს. რა ვქნათ, შევეკითხოთ ახლა გიორგის? ჩემი აზრით, აქეთკენ არ უნდა წაიყვანოს ლევან ჩხეიძემ ეს საქმე, მაგრამ თავისი გადასაწყვეტია,"- ამბობს გორელიშვილი. 

2012 წელს გადაცემა "სიმართლის დროში" მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა თქვა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მასზე ძალადობდა. 

ანა ბაგრტიონ-გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 2009 წლის თებერვალში იქორწინეს. მათი ოჯახის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მიზანი "ტახტის მემკვიდრის" გაჩენა იყო. მათ ერთი შვილი ჰყავთ, გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი. 

2019 წლის მარტში სასამართლო დავის არსებითი განხილვა დაიწყო. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს უჩივლეს. ისინი სასამართლოს სთხოვენ, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა აეკრძალოს. ბაგრატიონების ორივე შტოს ერთმანეთის წარმომავლობაში ეჭვი შეაქვთ. 

კომენტარები