თამბაქოს კონტროლის ალიანსი

თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოწევისთვის თავის დანებების პრეპარატებზე დღგ-ის მოხსნას ითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge

თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებებზე დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს. 

ტაბულასთან საუბრისას გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ ამ ინიციატივის მთავარი ამოცანაა, რომ პრეპარატები მწეველებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს. ბახტურიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პრეპარატები დღგ-თი და საბაჟო მოსაკრებლით იბეგრება, მასზე ფასი საკმაოდ იზრდება და ის მწეველთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. 

ბახტურიძის თქმით, არსებობს 2 კატეგორიის პრეპარატი, ერთი, რომელიც ნიკოტინს შეიცავს და მეორე - რომელშიც ნიკოტინი არ არის. მისივე ინფორმაციით, ნიკოტინი არშემცველი პრეპარატის შემომტანი ბაზრის დატოვებას აპირებს, რადგან ასეთ პირობებში წარმოება არ უღირთ. 

"ჩვენ დავაყენეთ წინადადება, რომ მინიმუმ, ესენი მაინც გათავისუფლდეს და ჩვენ ასევე მოთხოვნა გვაქვს, რომ ნიკოტინის შემცველი პრეპარატებიც გათავისუფლდეს იმიტომ, რომ ეს არის თამბაქოზე თავის დანებების საშუალება და ყველა ეს საშუალება, წესით, არ უნდა იბეგრებოდეს დღგ-თი. შემოსავლები ამბობს, რომ კიო, მართალი ხართო, მაგრამ არაო. საგადასახადო კოდექსი ამბობს, რომ მედიკამენტები, რომლებიც ექიმის დანიშნულებით გამოიყენება არ ექვემდებარება დღგ-ს გადახდა და ფინანსთა მინისტრს ჯერ კიდევ 2011 წელს მიღებული აქვს რაღაც ბრძანება, რომლის ჩამონათვალშიც ჩვეულებრივად ასეთი პრეპარატებიც არის მითითებული, რომელიც წესით, არ უნდა იბეგრებოდეს დღგ-თი. ანუ პირველ რიგში ვითხოვთ, რომ გასწორდეს ეს უთანაბრობა მაღალნორმატიულ აქტსა და დაბალნორმატიულ აქტს შორის და ფინანსთა სამინისტროს შეუძლია, ეს ერთ დღეში გაასწოროს და 7 თვე გადის და ჯერჯერობით პასუხი უარყოფითია, ექვემდებარება დაბეგვრასო და რატომ ექვემდებარება, როცა საგადასახადო კოდექსი ამბობს, რომ არ უნდა დაექვემდებაროს და ასევე საერთაშორისო საბაჟო წესებიც ამბობს, რომ ასეთი პრეპარატები არ იბეგრება არც დღგ-თი და არც საბაჟო მოსაკრებლით,"- ამბობს ბახტურიძე. 

ტაბულა დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი კითხვით და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე არ ასახელებს, თუ კონკრეტულად რომელ პრეპარატზე საუბრობს. მისი თქმით, ეს რეკლამაში ჩაეთვლება. 

ამავე ინიციატივას ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც. 5 მარტს გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ მწეველებს მაქსიმალურად უნდა შეეწყოთ ხელი მოწევისთვის თავის დანებებაში. 

"აქ არ შეიძლება აზრი იყოფოდეს, რომ თამბაქოს მოწევა მავნებელია, თუმცა იმ ადამიანებს, ვინც ეწევა და ვისთვისაც ეს არამარტო ჯანმრთელობის, არამედ ფინანსური ტვირთიც არის, პირველ რიგში ხელი უნდა შევუწყოთ აქტიური დახმარებით და მხარში დგომით, რომ დაანებონ ამ მავნე ჩვევას თავი. მაგალითად იმითი, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ნიკოტინის ჩანაცვლების საშუალებები პლასტირები, აბები, ფირფიტები და ა.შ. პირველ რიგში ამ ხალხს მხარში დგომა უნდა ჯანმრთელობის და ფინანსური ტვირთების რაღაცნაირად შესამსუბუქებლად", - თქვა სერგეენკომ. 

ტაბულა დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ბახტურიძის ინიციატივასთან დაკავშირებით, სადაც ასევე არ გვითხრეს იმ პრეპარატის სახელწოდება, რომელზეც ბეგარის მოხსნასაც ითხოვს თამბაქოს კონტროლის ალიანსი. 

ამასთან, ტაბულა დაუკავშირდა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ ბახტურიძის ინიციატივას იზიარებს. 

"საინტერესო ინიციატივაა და განვიხილავთ. ალბათ, სწორიც არის, რადგან ეს არის სამედიცინო დახმარების სახე, რადგან ეს პრეპარატები ნამდვილად გამოიყენება დამხმარე საშუალებებად,"- ამბობს ზოიძე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები