თურქეთის არჩევნები 2019

ხმების 100% დათვლილია - სტამბოლში, ანკარასა და 3 დიდ ქალაქში არჩევნები ოპოზიციამ მოიგო

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ვე დაითვალა. 

5 დიდ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარაში არჩევნები ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა მოიგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 44.34% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" პარტიამ კი - 30.12%. 

ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში, ბოლო წუთამდე არავინ იცოდა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებდა, რადგან ოპოზიციური პარტიისა და მმართველი პარტიის კანდიდატებს შორის განსხვავება ძალიან მცირე იყო. 

საბოლოოდ კი 48.79%-ით "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ, მოიგო, მის ოპონენტს მმართველი პარტიიდან ხმების 48.51% აქვს. 

პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მანშურ იავაშმა, ხმების 50.91% დააგროვა, ხოლო მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან კი - 47.09%. 

ოპოზიციამ გაიმარჯვა საპორტო ქალაქ იზმირშიც. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მუსტაფა ტუნჯ სოეირმა, ხმების 58.08% მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატი კი ოპონენტს მკვეთრად ჩამორჩება - მას 38.66% აქვს. 

"თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატებმა ასევე გაიმარჯვეს ადანასა (53.63% - 42.83%) და ანტალიაშიც (50.62% - 46.25%).

არჩევნები თურქეთში მძიმე ვითარებაში ჩატარდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ასევე სტამბოლში სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც 4 დამკვირვებელი მოკლეს, მათ შორის 2 ოპოზიციური პარტიის წევრი. ამასთან, დაშავდა ათობით ადამიანი 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღიარა, რომ მისი პარტია რამდენიმე ქალაქში დამარცხდა. მისი თქმით, მომავალი არჩევნები 2023 წლის ზაფხულში ჩატარდება. ის ხალხს დაჰპირდა, რომ მთავრობა ეკონომიკის გაძლიერებაზე იმუშავებს. 

თურქეთში ადგილობრივ არჩევნებზე 57 მილიონ ამომრჩეველზე მეტი იყო რეგისტრირებული.

კომენტარები