ბრექსითი

ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის ვადის 31 ოქტომბრამდე გადაწევაზე შეთანხმდნენ

0 კომენტარი
ტერეზა მეი ფოტო: AP

ევროკავშირის ლიდერები დათანხმდნენ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას ბრექსითის ვადის გადაწევის თაობაზე. ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

"ჩემი მესიჯი ბრიტანელი მეგობრებისათვის ეს იქნება - ეს გადავადება ისეთივე მოსახერხებელია, როგორცას მოველოდი. მართალია ის ოდნავ ხანმოკლეა იმაზე, რასაც მოველოდი, ის მაინც საკმარისია საუკეთესო გამოსავლის მოსაძებნად. გთხოვთ, ნუ გაფლანგავთ ამ დროს." თქვა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მისივე თქმით შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ბრიტანეთს შეუძლია ევროკავშირი უფრო ადრეც დატოვოს, ან სტრატეგია შეცვალოს და ბრექსითი გააუქმოს.

პრემიერმინისტრს ტერეზა მეის უფრო ხანმოკლე გადავადება სურდა. მან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ბრექსითის 30 ივნისამდე გადადების მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ ბრიტანეთი შეეცდება ევროკავშირი რაც შეიძლება მალე დატოვოს.

"ბრიტანეთს ევროკავშირი აქამდე უნდა დაეტოვებინა და გულწრფელად ვნანობ, რომ ჯერ ვერ შევძელი დამერწმუნებინა პარლამენტი მხარი დაუჭიროს შეთანხმებას." თქვა მან.

ემანუელ მაკრონის თქმით ევროკავშირი გადავადებას ნაწილობრივ იმის გამოც დათანხმდა, რომ ტერეზა მეიმ ოპოზიციასთან დაიწყო მოლაპარაკებები.

ბრექსითის გადადების გამო ბრიტანეთს მაისში ევროპარლამენტის არჩევნებში მოუწევს მონაწილეობის მიღება. თუ ბრიტანეთი ამას ვერ მოახერხებს მათ ევროკავშირის დატოვება პირველ ივნისს მოუწევთ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელსაც პოსტზე ვადა 1 ნოემბერს ეწურება იხუმრა, რომ თუ 31 ოქტომბერს გვიან ღამით კიდევ ერთ შეხვედრას მოიწვევენ, შესაძლოა მას შუაღამეს წასვლა მოუწიოს.

ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ბრექსითის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები აღარ განახლდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები