ტაქსისტების პროტესტი

ტაქსის მძღოლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ - LIVE

ტაქსის მძღოლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ - LIVE

ისინი მერიის მიერ ტაქსებთან დაკავშირებით მიღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.  

ტაქსის მძღოლები როგორც ტაქსებით თეთრად გადაღებვას, ასევე ტექინსპექტირების წელიწადში ორჯერ გავლას და მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვას აპროტესტებენ. მძღოლები ამბობენ,  რომ ამ რეგულაციების შესრულება ძვირი ჯდება და ეს მათ პრობლემებს შეუქმნის. 

"ჩვენ თანახმა ვარ რეგულაციებზე, მაგრამ მოგვცემ გონივრული ვადა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის და გადაავადონ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

"თვითონ ჭამონ იკრა და ასეტრინა და მე შავი პური მომენატროს?", - თქვა სხვამ. 

დღეს 18:00 საათზე საინიციატივო ჯგუფის და კახა კალაძის შეხვედრა არის დაგეგმილი. აქციაზე მძღოლების აზრი ორად გაიყო. მათი ნაწილი ივანიშვილის სახლთან აქციის შეწყვეტას ემხრობა და ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებას შეხვედრის შემდეგ მიიღებენ. ისინი რეგულაციების ამოქმედების 2-3 წლით გადავადებას ითხოვენ. 

ნაწილს სურს, აქცია არ შეწყდეს. 

"თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს. ჩვენ არავის მტრები არ ვართ", - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი. 

"სესხებს გადავიხდით, მანქანები განვადებით გვაქვს აღებული, გადავიხდით და მერე ამოქმედდეს ეს რეგულაციები. გადმობრძანდნენ ჯიპებიდან და ნახონ, როგორ შრომობს ეს ხალხი ქუჩაში. ზოგს ავადმყოფი ბავშვი ყავს სახლში.

ჩემი საკუთრება რაც არის, რატომ უნდა გადავღებო, რატომ მაიძულებ რაღაცებს, ჩემია ეს მანქანა", - თქვა სხვა მძღოლმა. 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მერია ტაქსის მძღოლებს შესთავაზებს, მანქანებს თეთრად შეღებვის ნაცვლად, თეთრი ფირი გადააკრან.

კალაძის თქმით, ცვლილების მიზეზი მძღოლების პროტესტი გახდა მანქანების გადაღებვის შედეგად მათი ღირებულების შემცირების გამო. 

ტაბულა დაუკავშირდა კომპანიებს, რომლებიც მძღოლებს ავტომობილისთვის ფირის გადაკვრას სთავაზობენ. როგორც განგვიცხადეს, ფირის გადაკვრის ფასები 800 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ფირის ხარისხსა და მანქანის მდგომარეობაზე.

კიდევ ერთ მსგავს კომპანიაში ტაბულას უთხრეს, რომ “ტოიოტა პრიუსისთვის” ფირის გადაკვრა 1200 ლარამდე დაჯდება. იგივე ავტომობილისთვის მოდელისთვის, ზოგი კომპანია 1200 დოლარს მოითხოვს.

განსხვავებით თეთრად შეღებვისგან, ფირის გადაკვრას ნაკლები დრო დასჭირდება. თუ გადაღებვის გამო მძღოლი დაახლოებით ათი დღის მანძილზე მანქანის და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე რჩებოდა, ფირის გადაკვრას 2-3 დღე დასჭირდება. თუმცა, ზოგიერთი კომპანიისთვის სამუშაოს შესრულებას 5-7 დღეც კი შეიძლება დასჭირდეს.

ტაქსის მძღოლები ამბობდნენ, რომ 700 ლარიანი ვაუჩერი მანქანის შესაღებად საკმარისი არ იქნებოდა და მათ თანხის დამატება საკუთარი ჯიბიდან მოუხდებოდათ. როგორც აღმოჩნდა ვაუჩერი არც ფირების გადასაკრავად არის საკმარისი. 

კომენტარები