საქართველოს საპატრიარქო

ტაბულას ინფორმაციაზე საპატრიარქოს პასუხი ტყუილია - ეკლესიას წლები ერევა

პატრიარქი ილია
საპატრიარქო

ტაბულას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პასუხად, რომ საპატრიარქოში რუსეთის პატრიარქ ალექსი პირველის პორტრეტი ჰკიდია, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც წლები აერია. 

"საპატრიარქო რეზიდენციის ერთ-ერთ შესასვლელ ოთახში კედელზე კიდია ორი პირველიერარქის ფერწერული პორტრეტი, რადგან მათ სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცნობა.

ესენია:

რუსეთის ეკლესიის მეთაური ალექსი I, – მან 1943 წელს აღიარა 1917 წელს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტი.

და

მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი დიმიტრიოსი, რომელმაც 1990 წელს საპატრიარქო სიგელებით დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა უძველესი დროიდან.

ასე რომ, ნებისმიერი პიროვნება კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ერთ, ისე მეორე პიროვნების პორტრეტთან.

დღეს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფოტოზე, უკანა პლანზე,  ჩანს პატრიარქ ალექსი I-ის სურათი, რაც ზოგიერთებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა.

სამწუხაროდ, ბოლო დროს  ეკლესიის მიმართ უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ქმედებები არის გახშირებული და ცალკეული პიროვნებების დღევანდელი კომენტარებიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა", - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე ის არის, რომ 1943 წელს, იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ეცნო, ალექსი I რუსეთის ეკლესიის მეთაური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის პატრიარქი მხოლოდ 2 წლის შემდეგ გახდება.

1943 წელს რუსეთის ეკლესიას პატრიარქი სერგი მართავდა.

საპატრიარქოს ეს ინფორმაცია შეუძლია გადაამოწმოს ნებისმიერ ხელმისაწვდომ წყაროში, მათ შორის, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე

1944 წლის მაისში, პატრიარქ სერგის გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტი ალექსი გახდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, ხოლო 1945 წლის 2 თებერვალს, რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მიერ (სტალინის უშუალო მითითებით) გამოირჩიეს პატრიარქად.

შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს მოუწევს დაწეროს კიდევ ერთი, ამჯერად უკეთ მომზადებული პასუხი, იმისთვის, რომ ახსნას, რატომ ჰკიდია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციაში, რუსი პატრიარქის პორტრეტი.

P.S ტაბულას პასუხის გამოქვეყნების შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება ჩაასწორა და თქვა:

"რუსეთის პატრიარქი უწმიდესი ალექსი I, რომელიც 1943 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ პირველად ოფიციალურად ჩამოვიდა საქართველოში და მცხეთაში უწმიდეს კალისტრატესთან ერთად ერთობლივი წირვა აღასრულა".

თან ვურთავთ საპატრიარქოს ძველი განცხადების სქრინს:

კომენტარები