გიგა ბოკერია

ბოკერია სააკაშვილზე: მისი განცხადება უაღრესად საზიანოა, აძლიერებს ჩვენი მტრის ნარატივს

0 კომენტარი

საარჩევნო ბლოკ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წევრი, გიგა ბოკერია ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას და ამბობს, რომ ყველა განცხადება, რომელიც ერთ კონტექსტში განიხილავს რუსეთის აგრესიას და თავისუფალი სამყაროს პოლიტიკას, პუტინის პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და დასავლეთსაც კოლონიალური მიდგომები აქვს.

"ყველა განცხადება, რომელიც რუსეთის აგრესიას რაიმე ფორმით მაინც ერთ კონტექსტში განიხილავს თავისუფალი სამყაროს პოლიტიკასთან, თუნდაც ისეთ პოლიტიკას, რომელიც ვინმეს მცდარად მიაჩნია რაღაც საკითხში, არის პირდაპირ წყლის დასხმა პუტინის პროპაგანდის წისქვილზე. რუსეთს და პუტინს არ სჭირდებათ რომ აქონ, მთავარია ყველა იყოს განხილული ერთ კონტექსტში. ამ პროპაგანდას აწარმოებენ საქართველოშიც პროპუტინისტური ძალები. ამიტომ ეს განცხადება უაღრესად საზიანოა ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისთვის, რადგან აძლიერებს ჩვენი მტრის ნარატივს", - ამბობს ბოკერია ტაბულასთან.

​ამასთან, დეპუტატს აინტერესებს რა პოზიცია აქვთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მისი გუნდის წევრებს.

"მინდა მოვისმინო ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების პოზიცია ამ საკითხზე, რათა გავიგოთ ეს რამე ფუნდამენტური ცვლილებაა მთელი პარტიის თუ მიხეილ სააკაშვილის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანო, სახიფათო და სამწუხარო პოზიციაა", - აღნიშნა ბოკერიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ, 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინელებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და "ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში".

"ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა", - თქვა სააკაშვილმა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები