დღეს, 14 აპრილს 9 საათზე HBO პირდაპირ ეთერში Game of Thrones-ის მერვე სეზონის პირველ სერიას გაუშვებს, საქართველოს დროით ეს გამთენიისას 5 საათზე მოხდება.
წაიკითხეთ ყველაფერი, რაც ამ დროისთვის მერვე სეზონის შესახებ ვიცით.
გაგრძელდება თუ არა კიდევ სერიალი?
რამდენიმე თვის წინ, HBO-მ დაადასტურა, რომ მერვე სეზონი Game of Thrones-ის ფინალური სეზონი იქნება. აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ავტორი ჯორჯ მარტინი, მისი თქმით "მერვე სეზონი არ უნდა იყოს ფინალური სეზონი".
რამდენი იქნება სერიების ხანგრძლივობა?
სერიალის მერვე სეზონში სულ 6 სერია იქნება, თუმცა წინა სერიებისგან განსხვავებული ხანგრძლივობით. პირველი სერიის ხანგრძლივობა 54 წუთი, მეორე სერიის 58 წუთი, მესამე სერიის 1 საათი და 22 წუთი, მეოთხე სერიის 1 საათი და 18 წუთი, ხოლო ბოლო ორი სერიის ხანგრძლივობა 1 საათი და 20 წუთი იქნება.
ოფიციალური პოსტერები, რომლებიც აქამდე გამოქვეყნდა.
HBO-მ მარტსა და აპრილში სერიალი ფინალური სეზონის ორი ოფიციალური პოსტერი გამოაქვეყნა. პირველ პოსტერზე გამოსახულია დრაკონი, რომელიც ამის პარალელურად ძალიან გავს რკინის ტახტს, მეორე პოსტერზე კი სერიალის ყველა მოქმედი გმირი გარდაცვლილია, ქვევით კი წერია "აქ იყო დიდი ომი".
ყველა თიზერი და თრეილერი ერთად.
ამ დროისთვის, ჯამში Game of Thrones მერვე სეზონის 8 თიზერი და თრეილერი არის გამოქვეყნებული.
HBO-მ პირველი თიზერი 7 იანვარს გამოუშვა. ჩვენ თიზერში ვხედავთ, როგორ ხვდებიან ვინტერფელში ერთმანეთს დენერის ტარგარიენი და სანსა სტარკი, რომელიც დრაკონების დედას ეუბნება, რომ "ვინტერფელი მისია". შეხვედრისას დენერის ტარგარიენს ჯონ სნოუ და ჯორა მორმონტი ახლავს, სანსას უკან კი ბრიენას ვხედავთ.
HBO-მ მეორე თიზერი 13 იანვარს გამოაქვეყნა. მეორე თიზერში ვხედავთ, როგორ შედიან ვინტერფელის აკლდამაში სანსა სტარკი, არია სტარკი და ჯონ სოუ. აკლდამის ბოლოში ისინი სამ ქანდაკებასთან მიდიან, რომლებიც როგორც თიზერიდან ჩანს მათივე ქანდაკებებია.
HBO-მ 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში ასევე გაავრცელა თიზერი, ოღონდ მხოლოდ სერიალის შესავლის. თიზერში ჩანს, როგორ ეჯახება ერთმანეთს ყინული და ცეცხლი.
მეოთხე თიზერი HBO-მ 24 თებერვალს გამოაქვეყნა. ვიდეოში, 1:35 წუთიდან Game of Thrones-ის მერვე სეზონის კადრები არის ნაჩვენები, სადაც ვხედავთ როგორი რეაქცია აქვს არია სტარკს დრაკონის პირველად დანახვისას.
HBO-მ სერიალის ფინალური სეზონის ტრეილერი 5 მარტს გამოაქვეყნა. ტრეილერში ყველა დარჩენილი მოქმედი გმირი არის ნაჩვენები.
უკანასკნელი სამი ვიდეო HBO-მ ერთ დღეს, 2 აპრილს გამოაქვეყნა.
პირველ თიზერს "გადარჩენა" ჰქვია, მასში კი ვხედავთ როგორ ხვდებიან ჯონ სნოუ და არია სტარკი ერთმანეთს.
მეორე თიზერს "ერთად" ჰქვია, მასში ტირიონ ლანისტერი საუბრობს, ხოლო სანსა სტარკი და დენერის ტარგარიენი მის უკან სხედან.
"ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთად, ან მოვკვდეთ", - ამბობს ტირიონი.
მესამე თიზერს კი "შედეგი" ჰქვია.
რა დაუჯდა HBO-ს მერვე სეზონის სერიების გადაღება?
გამოცემა Variety-ს ცნობით, Game of Thrones-ის მერვე სეზონის თითოეული სერიის გადაღება მინიმუმ 15 მილიონი ამერიკული დოლარ დაჯდა. თავდაპირველად, პირველ და მეორე სეზონში სერიის ღირებულება 2 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევდა.
რას ამბობენ მსახიობები ფინალური სეზონის შესახებ?
დღემდე, Game of Thrones-ის მსახიობები თითქმის ყველა ინტერვიუში მინიშნებებით საუბრობდნენ, რას უნდა ველოდოთ სერიალის ფინალური სეზონისგან.
სოფი ტერნერის [სანსა სტარკი] თქმით, მერვე სეზონში ყველაზე მეტი ბრძოლა და დაძაბულობაა, რაც ფანების ნაწილს იმედგაცრუებულს, ნაწილს კი გახარებულს დატოვებს.
ემილია კლარკის [დენერის ტარგარიენის] თქმით, ყველაფერი უფრო ინტენსიური და მკვეთრი იქნება - მაკიაჟი, ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობებიც კი. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დენერისის ბედის შესახებ გაიგო, ლონდონში უმიზნო ხეტიალი და ღვინის სმა დაიწყო.
კიტ ჰარინგტონის [ჯონ სნოუ] თქმით, ფინალური სეზონი ახალი ექსპერიმენტები და საზღვრების მოშლაა. მისივე თქმით, ეს სეზონი ყველაზე მასშტაბური იქნება.
ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს [ჯეიმი ლანისტერი] თქმით, მისი უკანასკნელი სცენა ფინალურ სეზონში ლამაზი და დიდებული იყო.