კობახიძის კანონპროექტი

იურიდიულმა კომიტეტმა პროტესტის მიუხედავად კობახიძის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის, კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, პროტესტის მიუხედავად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა. 

კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციის "ვენეციის კომისიის" დასკვნა მხოლოდ ხვალ, 16 აპრილს გამოქვეყნდება, ამიტომაც, ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებდნენ, რომ კენჭისყრა იქამდე არ ჩაეტარებინათ, სანამ ვენეციის კომისიის დასკვნა არ გამოქვეყნდებოდა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, საზოგადოებრივი პროტესტი არ გაითვალისწინა, საკითხს კენჭი უყარა და 8-კაციანი უმრავლესობით მხარი დაუჭირა. 

ოხანაშვილმა თქვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას პლენარულ სხდომაზე გაითვალისწინებენ. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს საკომიტეტო განხილვის გამოტოვებას ნიშნავს. 

დეპუტატებთან ერთად კანონპროექტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომელთაც პროტესტის ნიშნად შავი მაისურები აცვიათ, წარწერით "კლანი უნდა წავიდეს". 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები