პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ისტორია [გალერეა]

metro.co.uk

გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს, ხის უძველესი კონსტრუქცია დაიწვა და ტაძრის სახურავი და კოშკი ჩაინგრა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს არამატრო ფრანგებისათვის აქვს უდიდესი სიმბოლური და ისტორიული მნიშვნელობა. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კათედრალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხანძრის გამომწვვი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მას სარესტავრაციოს სამუშაოებს უკავშირებენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ კედელში ბზარების გაჩენის შემდეგ დაიწყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ აუცილებლად მოხდება ტაძრის რეკონსტრუქცია. მასში მონაწილეობის და თანხის გაღების სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოხატა. მსოფლიო ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ის ევროპული კულტურის სიმბოლოა, ხოლო მაკრონმა ტაძარს საფრანგეთის "ისტორია, ლიტერატურა და სულის ნაწილი" უწოდა, რომელიც საფრანგეთის ისტორიაში ყველა დიდებული მოვლენის ეპიცენტრი იყო.

ნაპოლეონის მეფედ კურთხევა, ჟაკ-ლუი დავიდის 1805-1807 წლის ნახატი
ფოტო: Wikipedia

კათედრალის მშენებლობა მეფე ლუი მეშვიდის დროს 1160 წელს დაიწყო და პირველად 1345 წელს დასრულდა. მას შემდეგ, რაც პარიზი საფრანგეთის ცენტრად იქცა მეფეს სურდა, რომ ის ქალაქის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ძალის და სტატუსის სიმბოლო გამხდარიყო.

ამისათვის მეფის მიერ შერჩეულ ადგილას მდგარი ბაზილიკა დაანგრიეს და ტაძრის საძირკველში პირველი ქვა 1163 წელს ჩადეს. მშენებლობის დასრულებას თითქმის 200 წელი დასჭირდა და საუკუნეების მანძილზე არაერთი რენოვაცია განიცადა.


ფოტო: EPA

ტაძრის ორი ცნობილი 69 მეტრი სიმაღლის კოშკი, რომელიც საბედნიეროდ ხანძარს გადაურჩა, მეცამეტე საუკუნის დასაწყისში აშენდა. ჩრდიელოთის კოშკში ვიზიტორებს 387 საფეხურიანი კიბის საშუალებით შეეძლოთ ასვლა, სამხრეთ კოშკში კი კათედრალის 10 ზარია განთავსებული. მათგან ყველაზე ცნობილი ზარი სახელად ემანუელი საფრანგეთის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში რეკდა. მათ შორის მეფეების კურთხევის, პაპების ვიზიტის და მსოფლიო ომების დასრულების დროს. ეს ზარი დარეკეს 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტის შემდეგაც.


ფოტო: Wikipedia

ტაძარს საფრანგეთის რევოლუციის დროს დიდი ზიანი მიადგა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისათვის ის თითქმის დანგრევის პირას იყო მისული. ამ პერიოდში განადგურდა ტაძრის ფასადის გროტესკული დეკორაციის დიდი ნაწილიც, თუმცა მას შემდეგ, რაც აქ ნაპოლეონი იმპერატორად აკურთხეს და ამავე პერიოდში, ვიქტორ ჰიუგოს მიერ დაწერილმა ნოველამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, ტაძარი ხელახლა მოხვდა ყურადღების ცენტრში და მეცხრამეტე საუკუნის შუაში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადი, 1860 წ.
ფოტო: Édouard Baldus / metmuseum.org

სწორედ ამ დროს დაუბრუნდა ტაძარს 750 ტონიანი კოშკი, რომელიც ხანძარმა გაანადგურა. კოშკის გარშემო განთავსებული იყო მოციქულების სპილენძის ქანდაკებები, რომლებიც ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე რესტავრაციისათვის ჩამოხსნეს.

ჰიუგოს წიგნი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი", რომელშიც მოქმედება სწორედ ამ კათედრალის გარშემო ვითარდება და რომელიც მის არქიტექტურას დეტალურად და ყოვლისმომცველად აღწერს, 1831 წელს გამოიცა. მას შემდეგ წიგნის არაერთი კინო ადაპტაცია შეიქმნა.

ჯინა ლოლობრიჯიდა ესმერალდას როლში, ფილმში "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი", 1956
ფოტო: Getty

ჰიუგომ ნოველის წერა 1829 წელს სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ თანამედროვეებისათვის შეეხსენებინა გოთიკური არქიტექტურის მნიშვნელობა, რომელიც ხშირად მიტოვებული იყო და სხვა შენობებით ანაცვლებდნენ. მაგალითად ამ პერიოდში ტაძრის ვიტრაჟბი თეთრი მინებით ჩაანაცვლეს მეტი სინათლისათვის.


ფოტო: AFP

ასე დაიკარგა 1225 წელის ვიტრაჟები, რომლებიც შემდეგ მეცხრამეტე საუკუნეში ხელახლა შექმნეს, ხანძრის შემდეგ კი მათი და ორღანის ბედი (რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში უფრო ძველი, მეჩვიდმეტე საუკუნის ორღანის ნაწილებისაგან შექმნეს) უცნობია.


ფოტო: wikipedia

მაშველებმა მოახერხეს ტაძრის შიგნით განთავსებული რელიგიური ნივთების გადარჩენაც, მათ შორის ეკლის გვირგვინის, რომელიც მიაჩნიათ, რომ ჯვარზე გაკვრამდე ქრისტეს დაადგეს თავზე და ტუნიკის, რომელიც მეფე ლუი მეცხრეს ეცვა, როდესაც მან გვირგვინი პარიზში ჩაიტანა.


ფოტო: Reuters

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ტაძრის რესტავრაცია ხანგრძლივი, რთული და ძვირადღირებული იქნება, თუმცა დახმარების სურვილი არაერთმა ცნობილმა ადამიანმა და ბიზნესმენმა გამოთქვა. ევროკავშირის ქვეყნებს დახმარებისაკენ მოუწოდა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმაც. რესტავრაციის პროცესის სირთულე და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად დაზიანდა ტაძრის ქვის კამარები. არქიტექტურის ისტორიკოსის, ჯონათან ფოილის აზრით რთული იქნება ხის სახურავის აღდგენა, თუმცა ამბობს, რომ "შენობამ საფრანგეთის რევოლუციას, ჰუგენოტებს და ორ მსოფლიო ომს გაუძლო. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის კიდევ ერთხელ აღდგება."

კომენტარები