კობახიძის კანონპროექტი

ჩუგოშვილი: პოლიტიკურად სწორი მგონია, უზენაესი სასამართლო სრულად არ დავაკომპლექტოთ

parliament.ge

ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილს იზიარებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა სრულად არ უნდა დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო. 

ამის შესახებ ჩუგოშვილმა ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუში ისაუბრა. 

თუმცა, პარლამენტის ვიცესპიკერი იზიარებს ირაკლი კობახიძის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ეს ჩანაწერი სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება და პოლიტიკური განცხადებაა. 

"ზოგადად, ვენეციის კომისია არ სცდება ხოლმე სამართლებრივ შეფასებებს, ეს გარკვეული პოლიტიკური ელემენტია ამაში და გეთანხმებით, ეს არის გამოძახილი იმის, რომ ქვეყანაში სასამართლოს თემებზე მსჯელობამ და, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს კრიტიკამ საკმაოდ მწვავე ფორმები მიიღო. მე არ ჩავალ იმაში და არ დავიწყებ იმის გარჩევას, ვთქვათ, რა და როგორ, უბრალოდ, იმას ვიტყვი, რომ როდესაც სამართლებრივ ექსპერტიზას ელოდები და ამ დროს იღებ პოლიტიკურ შეფასებას, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც მოვლენებს ადგილი ჰქონდა და არის სერიოზული მოვლენები,"- ამბობს თამარ ჩუგოშვილი. 

ვიცესპიკერი ამბობს, რომ სწორი და კარგი იქნება, თუ ამ მოწვევის პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ახალ შემადგენლობას სრულად არ დააკომპლექტებს. მისი თქმით, მისთვის, როგორც ერთი რიგითი დეპუტატისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა დანიშნოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, მხოლოდ პასუხისმგებლობის გამო ამბობს ამას, თუ ეთანხმება იმას, რასაც ვენეციის კომისია წერს, ჩუგოშვილი პასუხობს:

"ჩვენ მივიღეთ ასეთი მოცემულობა, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერის გამო და იმის გამო, რომ დღეს უზენაესის მოსამართლეების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული, ცოტა ხანში მხოლოდ 8 მოსამართლე დაგვრჩება, სისხლის მოსამართლე საერთოდ არ გვყავს, შესაბამისად, დიდი დოზით მოსამართლეები არიან დასანიშნი, ამიტომ, მე მივემხრობოდი იმ პოზიციას, რომ რაც არის სასამართლოს ნორმალური, ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო, ეს გადაწყვეტილებები დროულად მიიღოს პარლამენტმა და სხვებზე არ იჩქაროს. მათ შორის, ვაკანსიებიც დატოვოს იმისთვის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტიც ჩაერთოს ამ პროცესში. მე პოლიტიკურად ეს მგონია სწორი".

ჩუგოშვილის თქმით, ქართული ოცნების უმრავლესობა გაითვალისწინებს იმ სამართლებრივ რეკომენდაციებს, რომლებიც ვენეციის კომისიამ გასცა. 

"საბოლოო ვერსია იმ კანონისა, რომელიც უზენაესის მოსამართლეების დანიშვნას ეხება, იქნება სრულად შესაბამისი ამ დასკვნასთან," - ამბობს ვიცესპიკერი. 

თამარ ჩუგოშვილი ასევე აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნამდვილად აქვს რეპუტაციული პრობლემები.

"ის, რომ იუსტიციის საბჭოს ქვეყანაში რეპუტაციული პრობლემა აქვს, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება და მიუხედავად იმისა, მე უმრავლესობას წარმოვადგენ, თუ რას წარმოვადგენ, ეს არის ჩემი პირადი აზრი და მე მგონი, ამაზე შემოკამათება არის რთული". 

ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება, ვენეციის კომისიის დასკვნა 16 აპრილს გამოქვეყნდა. დასკვნაში სხვა გზავნილებთან ერთად ვენეციის კომისია წერს, რომ "უჩველო და ექსტრაორდინარულია სიტუაცია", რომლის ფარგლებშიც ერთი მოწვევის პარლამენტმა სრულად უნდა დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო. ვენეციის კომისია კანონის ავტორებს მოუწოდებს, რომ მხოლოდ იმდენი მოსამართლე დანიშნონ, რამდენიც საბოლოო ინსტანციის ფუქნციონირებისთვის აუცილებელია. 

წაიკითხეთ ვრცლად ვენეციის კომისიის დასკვნითი ნაწილი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები: 

"საქართველოს უზენაესი სასამართლო ყველაზე მნიშვნელოვანი და ბოლო ინსტანციაა. მოქმედი კანონმდებლობითა და შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ამ სასამართლოს სრულიად ახალი შემადგენლობა ეყოლება 18-დან 20 ახალი მოსამართლით, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ აირჩევს მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის საშუალებით. 

ვენეციის კომისიამ თბილისში გამართული შეხვედრების ფარგლებში შეიტყო, რომ იუსტიციის უზენაესი საბჭო საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში საკმაოდ დაბალი ნდობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია არ არის იმ პოზიციაში, რომ შეაფასოს, ნდობის ნაკლებობის ნამდვილობა, ისეთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოლა, რომელსაც არ აქვს სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა და არჩევნებს შორის პერიოდში ერთი პოლიტიკური უმრავლესობის მიერ თითქმის ყველა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნა საფრთხეს შეუქმნის მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ნდობის მიღებას, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში უნდა სარგებლობდეს ისეთი ინსტიტუტი როგორიც უზენაესი სასამართლოა. 

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა განიხილოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის ვადა და პარლამენტმა მხოლოდ იმ რაოდენობით მოსამართლეები უნდა დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში, რაც აბსოლუტურად აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის. 

თუ რამდენიმე ახალი მოსამართლეა საჭირო მისი მუშაობისთვის, ეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს. ხოლო უფრო მეტი მოსამართლე, შესაძლოა, დანიშნოს იმ პარლამენტმა, რომელიც მომდევნო არჩევნების დროს აირჩევა. ასეთმა შეთანხმებამ, შესაძლოა, ორი რამ გამოიწვიოს - უზენაეს სასამართლოზე არსებული ტვირთი შეამსუბუქოს და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ნდობა და პატივისცემა, რომელსაც ის გრძელვადიან პერსპექტივაში დაიმსახურებს. 

კანონპროექტი რამდენიმე კუთხით უნდა გაუმჯობესდეს. მთავარი რეკომენდაციებია:

• უფრო მაღალი ასაკის მოთხოვნა და მეტი ყურადღების გამახვილება კანდიდატის გამოცდილებაზე ისევე, როგორც დასაშვებობის კრიტერიუმებში უნდა იყოს განსჯისუნარიანობა, დამოუკიდებლობა და მრავალფეროვნება. 

• უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მოთხოვნა, რადგანაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ "სამართალწარმოებაში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტებს" შეუძლიათ იყვნენ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე კანდიდატები. ასეთი კვალიფიკაციის მქონე ადამაინებს არ უნდა ვაიძულოთ ისხდნენ გამოცდაზე, რათა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ კანონთან მუშაობა, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობაში აუცილებელია. 

• იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ფარული კენჭისყრის ჩატარება უნდა გაუქმდეს; კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამყარებული. კანდიდატები რეიტინგში უნდა დალაგდნენ იმ ქულების მიხედვით, რომლებსაც ისინი შეფასების პროცესში დააგროვებენ. ამით შესაძლებელი იქნება, რომ პარლამენტში წარადგინონ მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები ამ სიიდან. 

• კანდიდატების შერჩევისა და გარიცხვის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს. 

• იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, გათავისუფლებული უნდა იყოს ყველა პროცედურისგან, რომელიც კანდიდატების შერჩევასა და ნომინირებას ეხება".

კობახიძის კანონპროექტის შესახებ 17 აპრილს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაც გამოქვეყნდა (ODIHR), რომელშიც სრულად არის გაზიარებული ვენეციის კომისიის დასკვნის პათოსი. 

 

"სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობაზე დამყარებული ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპი და აუცილებელი ელემენტია. აუცილებელია, რომ მთლიანობაში სასამართლო სისტემისადმი საჯარო ნდობა გაიზარდოს. ის, თუ როგორ ირჩევიან ადამიანები სასამართლოებში მნიშვნელოვანია საჯარო ნდობის გასაზრდელად. მისაღებია კანონპროექტის მიზანი, რომელიც უფრო დეტალურ შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს ითვალისწინებს იქამდე, სანამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს. 

ამავდროულად, კანონპროექტი იხეირებს გარკვეული ცვლილებებითა და დამატებებითაც იმისათვის, რომ შერჩევის პროცესის ღიაობა და გამჭვირვალობა უზრუნველყოს და უფრო მეტად მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტიდან გამომდინარე, მომდევნო თვეების განმავლობაში უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილების თითქმის 3/4 შეივსება, უმნიშვნელოვანესია, რომ მოსამართლეების შერჩევა ცხადად განსაზღვრული და არასაკამათო პროცედურებით მოხდეს, რაც ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი კანდიდატების შერჩევის გარანტიას მოგვცემს. ამ კონტექსტში მოსამართლეთა დანიშვნის დაჩქარებული პროცედურები, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, შეშფოთების საფუძველს იძლევა. 

კერძოდ, კანონპროექტის ავტორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ცხადად განსაზღვრული შესარჩევი კრიტერიუმები დანიშვნის პროცესის ყველა საფეხურზე იყოს გათვალისწინებული, რათა საბოლოო ჯამში საუკეთესო კანდიდატები დაინიშნონ. ისეთი მოდელი, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებისთვის ფარულად შეუძლიათ ხმის მიცემა შერჩევის სისტემას არსებითად უთხრის საფუძველს და ის უნდა ჩანაცვლდეს იმგვარი პროცედურით, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქულების მიხედვით დაალაგებს კანდიდატებს. ამასთან, კანონპროექტმა სპეციფიკურად უნდა მოახდინოს ინტერესთა კონფლიქტის რეგულირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის კონტექსტში. საბოლოოდ კი, გავარდნილ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. 

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი თავმჯდომარის არჩევა და ამასთან, უმაღლესი საბჭოს საბოლოო შემადგენლობაზე მისი გავლენა, პროცესის პოლიტიზირების რისკს ატარებს და შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უზენაესი სასამართლოს (და დანიშნული მოსამართლეების) დამოუკიდებლობისა და აპარტიულობის შესაძლებლობას. იმისათვის, რომ ეს რისკი შემსუბუქდეს, დანიშვნის პროცესში პარლამენტის როლი მკაცრად უნდა ლიმიტირდეს ზედამხედველობის ფუნქციამდე და ეს ცხადად უნდა იყოს განსაზღვრული კანონის მიხედვით, მანა, სანამ არ იქნება გარანტირებული, რომ დანიშვნის გადაწყვეტილებები მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით არის მიღებული. 

დამატებით, ოდირი ხაზს უსვამს, რომ როდესაც სასამართლო სისტემის რეფორმების ინიციატივით გამოდის ხელისუფლება, სასამართლოებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები უნდა გაიაროს და მათ პროცესში აქტიური როლი უნდა ჰქონდეთ. ნებისმიერი საკანონმდებლო შეთავაზება სასამართლო რეფორმისადმი ინკლუზიური, ფართო და ეფექტიანი კონსულტაციების საკითხი უნდა იყოს კანონის დაწერის ყველა საფეხურზე,"- წერია დასკვნაში. 

ODIHR-ის მთავარი რეკომენდაციები კანონპროექტის ავტორებს: 

"გაიზარდოს პროფესიული გამოცდილების წლები და არამოსამართლე კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდა შეიცვალოს სხვა სახის ტესტირებებით, რომელსაც ყველა (მოსამართლე თუ არამოსამართლე) კანდიდატი გაივლის.

განისაზღვროს შერჩევის კრიტერიუმები დანიშვნის პროცესის ყველა საფეხურზე;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დაუწესდეთ დამატებითი მოთხოვნები უფლებების სფეროში დამატებითი ექსპერტიზის ჩათვლით;
უნდა განისაზღვროს, რომ შერჩევა მოხდება დისკრიმინაციის გარეშე და, ამავდროულად, შეიქმნება მექანიზმები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება უფრო დაბალანსებული იქნება გენდერისა და მრავალფეროვნების კუთხით;
შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრის წესი. მოსამართლეობის კანდიდატები ქულების მიხედვით უნდა დაალაგონ და მათი შერჩევისა თუ ნომინირების კრიტერიუმი ღია უნდა იყოს. 

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის იბრძვის, მან არ უნდა მიიღოს სხვა კანდიდატების შერჩევისა და ნომინირების პროცედურებში. 

შერჩევის პროცესიდან გამოთიშულ კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა მიეცეთ. 

განისაზღვროს, რომ კანდიდატების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია 3 წლის შემდეგ განადგურდება. 

უფრო უკეთ განმარტეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნომინირებისა და პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა და კრიტერიუმები. პარლამენტის როლი ამ პროცესში ლიმიტირებული უნდა იყოს".

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები