დონალდ ტრამპი

ტრამპი: არანაირი შეთქმულება, არანაირი ობსტრუქცია, თამაში დასრულდა

Donald J. Trump ‏

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე სერიალ Game of Thrones-ის სტილში სურათიც გამოაქვეყნა, რომელსაც აწერია "არანაირი შეთქმულება, არანაირი ობსტრუქცია, მოძულეთათვის და რადიკალურად მემარცხენე დემოკრატებისათვის თამაში დასრულდა."

დღეს აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი კონგრესს რობერტ მალერის გამოძიების რედაქტირებულ ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც ის გასაჯაროვდება.

ანგარიშის შინაარსი ბარმა კონგრესს 25 მარტს გააცნო და თქვა, რომ გამოძიებამ ტრამპის კამპანიის და რუსეთის კავშირი ვერ დაადგინა.

მისი თქმით ანგარიშში არ არის იმის მტკიცებულება, რომ დონალდ ტრამპის კამპანიას 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთთან საიდუმლო კავშირები ჰქონდა.

ბარმა ხაზი გაუსვა ანგარიშის იმ ნაწილებს, სადაც საუბარია რუსეთის მცდელობაზე გავლენა მოეხდინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

"სპეციალურმა გამომძიებელმა ვერ დაადგინა, რომ რომელიმე ამერიკელი ან ტრამპის კამპანიის წარმომადგენელი შეგნებულად თანამშრომლობდა და საიდუმლო კავშირები ჰქონდა რუსეთთან." თქვა მან.

ბარის თქმით ანგარიშში არც ის დასკვნაა გამოტანილი, რომ პრეზიდენტი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას ცდილობდა. მისი თქმით ამისათვის საკმარისი მტკიცებულებები ანგარიშში არ არის წარმოდგენილი.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიში არ ასკვნის, რომ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა, ის მას ბრალდებებისგან არ ათავისუფლებს." წერია მალერის ანგარიშში.

ამის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ სამარცხვნოა, რომ ქვეყანას ამის გავლა მოუწია და გამოძიებას მისი გადაყენების არალეგალური მცდელობა უწოდა, რომელმაც არ იმუშავა.

რობერტ მალერის გამოძიება ორი წელია მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებულ პირებს. მათ შორის ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი და ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი. სტოუნს ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა და მოწმეებზე ზეწოლა ედება, ხოლო მანაფორტს თაღლითობა და გადასახადებისათვის თავის არიდება.

წინასაარჩევნო კამპანიისას ფინანსების თაობაზე კანონის დარღვევა და ტრამპის საყვარლებისათვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდა აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმაც.

თუმცა, ეს ბრალდებები რუსეთთან ტრამპის კამპანიის კავშირებს არ უკავშირდება.

კომენტარები