დები საუდის არაბეთიდან

შსს: საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები ლტოლვილთა სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადავიყვანეთ

Twitter/Georgia Sisters

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დები, რომლებიც საუდის არაბეთიდან ოჯახის წევრებს გაექცნენ და თავს საქართველოს აფარებდნენ, მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში არიან გადაყვანილები, რათა გაიარონ თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები. 

საუდის არაბეთის მოქალაქეები, დები, მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები ტვიტერის მეშვეობით ავრცელებდნენ ინფორმაციას და ამბობდნენ, რომ საქართველოში იმყოფებიან. მათივე თქმით, მათ საფრთხე თავიანთი ოჯახის წევრებისგან ემუქრებოდათ. 

ისინი წერდნენ, რომ საქართველოში მათ საძებნად მათი მამა და ძმები ჩამოვიდნენ.

„მამაჩემი და ძმები ჩამოვიდნენ საქართველოში. ისინი ჩვენ გვეძებენ. ჩვენ ოჯახის მხრიდან ჩაგვრას გავექეცით, რადგან საუდის არაბეთში კანონი ზედმეტად სუსტია ჩვენს დასაცავად. გვჭირდება გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში წაგვიყვანონ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ გადარჩენაში“, – წერენ საუდის არაბეთიდან გაქცეული დები.

შსს აცხადებს, რომ მათი უწყების მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე, სადაც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ.

სამართალდამცველები მათ გაესაუბრნენ და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარება შესთავაზეს. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

სწორედ ამის შემდეგ დათანხმდნენ დები ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას. 

შსს ასევე განმარტავს, რომ ის ოჯახის წევრები, ვისგანაც, როგორც დები ალ-სუბაიები ამბობდნენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოში არ იმყოფებიან.

კომენტარები