გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულია

პრემიერმინისტრის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

ინფორმაცია, რომ გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადააყენეს, დღეს თავდაპირველად ტვ იმედმა გაავრცელა. არხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს პრემიერმინისტრმა მიიღო.

რუსთავი 2-ის ცნობით, რამდენიმე კვირაა, ბახტაძე ქობულიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებს. 

თუმცა, დღეს ამის შესახებ დასმულ კითხვაზე ქობულიამ ჟურნალისტები პრემიერმინისტრთან გადაამისამართა. 

ინფორმაცია, რომ ქობულია თანამდებობას ტოვებს, რამდენიმე კვირაა, ვრცელდება, თუმცა, უკვე ყოფილი მინისტრი ამბობდა, რომ ეს ჭორია. 

გიორგი ქობულია ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 ივლისიდან ხელმძღვანელობს. მის სახელს არაერთი ხმაურიანი განცხადება უკავშირდება. მაგალითად:

  • "არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს";
  • "ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში, რუსეთიდან მეტი გაზის მიღება ქვეყანაში კონკურენციას შექმნის და გაზის ფასებს დაწევს";
  • "შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ, ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის";
  • "უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს აქვთ, აგრეთვე, ნეგატიური მხარეც. უცხოეთიდან ადამიანი შემოდის, ფულს დებს, მაგრამ ამ ფულს რომ ჩადებს, რისთვის დებს? – იმიტომ, რომ მერე რაღაცა გაიტანოს აქედან არა? დივიდენდის სახით";
  • "ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია სამუშაო ძალის გარეთ. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები ეს არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა";
  • "რეგულაციებს უნდა შეემცირებინა ის სესხები, რომელიც ხალხს გაუაზრებლად ჰქონდა აღებული";
  • "ეკონომიკა შეიძლება გაიზარდოს როგორ - ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ერთი დიდი პროექტი, სადაც ჩვენ ავაშენებთ ავტომატიზირებულ ქარხანას და ეს მოგვცემს ჩვენ დიდ ზრდას, მაგრამ ამისგან რაიონებში მცხოვრები ღარიბი ხალხი ხომ ვერ იხეირებს?"

კომენტარები