ჰესის აშენება პანკისის ხეობაში

გახარია: პანკისში დილის 8 საათზე წყნარად, მშვიდად იყო პოლიციის 35 თანამშრომელი

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 21 აპრილს დილით პანკისში პოლიციის 35 თანამშრომელი იყო, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ შსს-ს მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სთხოვა. გიორგი გახარია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც "განხორციელდა მათზე თავდასხმა", მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება.

ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას - რატომ გახდა საჭირო პანკისში დიდი რაოდენობით სამართალდამცავების მობილიზება.

"მე არაერთხელ განმიმარტავს და აღმინიშნავს, კიდევ ერთხელ ვიტყვი და თუ ეს საჭიროა. ჩვენ ამის ვიზუალურ ფაქტებსაც გავასაჯაროებთ. პანკისში, დილის 8 საათზე, წყნარად, მშვიდად, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი, იმისთვის რომ მათ უზრუნველეყოთ მშენებლების უსაფრთხოება, რა თხოვნითაც ჩვენ ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად მოგვმართა, შევიდნენ აი ამ ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, მოხდა რა თქმა უნდა დამატებითი ძალების მობილიზება. ეს არის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც გამოძიება, რომელიც უკვე პროკურატურაში აღძრულია - იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას - აბსოლუტურად ტრანსპარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით. იმიტომ, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავადგინოთ სრული ჭეშმარიტება. დაძაბულობის დაწყებამდე, 35 კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელის გარდა ხეობაში არ ყოფილა არავინ. ეს არის ფაქტი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ", - თქვა გიორგი გახარიამ.

მან აღნიშნა, რომ შსს ყველა მოქალაქის უფლებების დაიცავს და გამოიძიებს ისეთ დანაშაულებსაც, რომლებიც პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ იყო ჩადენილი.

"გუშინ იყო მძიმე დღე, ყველასთვის და სამწუხარო დღე. დღეს ყველა ვმშვიდდებით, ვწყნარდებით და ვაანალიზებთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული მოქალაქის და თითოეული სამართალდამცველის უფლებებს და შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დეტალურად გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისეთ დანაშაულსაც, რომელიც იყო ჩადენილი პანკისის მოსახლეობისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ არ ვიჩქარებთ. ვიქნებით წყნარი, მშვიდი და ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს ამ მიმდინარე გამოძიების მიმართ მაღალი ხარისხის ნდობა. არსად არ გვეჩქარება. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, ისევე როგორც ყველამ ერთად ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობა და ღირსება" - განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ეს განცხადებები პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელების მონახულების შემდეგ გააკეთა. შს მინისტრი კლინიკაში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად იმყოფებოდა.

პანკისის ხეობაში ვითარება 21 აპრილს დილით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ასევე, ადგილობრივებმა პოლიციის 2 მანქანა და ის ტრაქტორი დაწვეს, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდა. 

სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და პირობა დადო, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ მას შემდეგ აშენდება, რაც მოსახლეობის მხრიდან 90%-იანი თანხმობა იქნება.

მინისტრმა გახარიამ ასევე თქვა, რომ ის ხეობის უხუცეს წევრებთან იმაზეც შეთანხმდა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა, შესაბამისად იქნებოდა დასჯილი.

კომენტარები