აფეთქებები შრი-ლანკაში

შრი-ლანკას აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

შრი-ლანკაში 21 აპრილის აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

“ამრაქ სიახლეების სააგენტოს საიდუმლო წყარო: თავდამსხმელები, რომელთა სამიზნეც გუშინწინ შრი-ლანკას მოქალაქეები და ქრისტიანები იყვნენ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არიან.” - ვკითხულობთ მათ განცხადებაში, თუმცა ტერორისტული დაჯგუფება ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ ამჟღავნებს.

ამრაქ სიახლეების სააგენტო ისლამურ სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ შრი ლანკაში 3 ეკლესიასა და 4 სასტუმროში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 321-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი. დაღუპულებს შორის 38 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის აშშ-ს, ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ნიდერლანდების და პორტუგალიის.

შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცით აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიებსა და სასტუმროებზე მომხდარი თავდასხმა ახალ ზელანდიაში, ქრაისთჩარჩის მეჩეთებში მომხდარი სროლის საპასუხოდ განახორციელეს.

მისი თქმით თავდასხმებში ორი ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფება მონაწილეობდა.

შრი-ლანკას გამომძიებლის თქმით, 21 აპრილის აფეთქებები შვიდმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ მომხდარში საერთაშორისო ქსელი იყო ჩართული. მთავრობის წარმომადგენლის არიანანდა ველიანგას თქმით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შანგრილას სასტუმროში აიფეთქა თავი, ორმა სხვა სასტუმროებში, ხოლო დანარჩენებმა ეკლესიებში.

პრემიერმინისტრ რანილ ვიკრემესინგის ინფორმაციით, აფეთქებამდე მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია ნაკლებად ცნობილი ისლამისტური დაჯგუფების შესაძლო თავდასხმაზე. გავრცელებული ინფორმაციით, 11 აპრილს ინდოეთის სადაზვერვო სააგენტომ ქვეყნის წამყვანი პირები რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ეროვნული თოვეთ ჯამაათის მხრიდან შესძლო თავდასხმაზე გააფრთხილა.

მარტში ახალ ზელანდიაში, ქრიასთჩარჩში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ 50 ადამიანი.

თავდასხმასთან დაკავშირებით ამჟამად დაკავებულია ერთი ადამიანი. 28 წლის ბრენტონ ჰარის ტარანტი. მან თავდასხმამდე პრემიერმინისტრს 87 გვერდიანი მანიფესტი გაუგზავნა, რომელიც ანტი-საიმიგრაციო და მუსლიმების სიძულვილის შემცველ მესიჯებს შეიცავს.

კომენტარები