ლევან ჯიბღაშვილის საქმე

"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის" - ლევან ჯიბღაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პირველი არხი

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობს ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა 15 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ გირაოს ოდენობა სასამართლოს თავად განესაზღვრა. 

"ძალიან დიდი მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის. ძალიან ბოდიშს ვუხდი პირველ რიგში, ჩემს ოჯახს და სრულიად საზოგადოებას ასეთი სიტუაციის გამო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჟურნალისტს, რომელმაც თუნდაც ერთი წუთი დაუთმო ამ თემის გარშემო ატეხილ ამბავს" - თქვა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის I და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

კომენტარები