რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი პუტინთან მოლაპარაკებებისათვის ვლადივოსტოკში მატარებლით ჩავიდა

0 კომენტარი
კიმ ჩენ ინი ფოტო: AFP

კიმ ჩენ ინი ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში საკუთარი ჯავშან-მატარებლით ჩავიდა.

მოლაპარაკებები ხვალ არის დაგეგმილი. ეს კიმ ჩენ ინსა და ვლადიმირ პუტინს შორის მსგავსი შეხვედრის პირველი შემთხვევა იქნება.

"იმედი მაქვს, რომ პატივსაცემ პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებებისას შევძლებ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული პრობლემების განხილვას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას." უთხრა კიმ ჩენ ინმა რუსულ მედიას.

კრემლის სპიკერის თქმით ისინი ნახევარკუნძულის "ბირთვულ პრობლემას" განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ  გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მოსკოვში ჩრდილოეთ კორეისათვის აშშ-ის სპეციალური დესპანი სტივენ ბეიგანი გაემგზავრა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ბირთვული განიარაღების თაობაზე მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვს.

მანამდე კი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური იარაღის გამოცდა ჩაატარეს, რასაც კიმ ჩენ ინი პირადად ესწრებოდა. ეს დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ვიეტნამის სამიტის შემდეგ იარაღის გამოცდის პირველი შემთხვევაა.

ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

გასულ კვირას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დონალდ ტრამპს "სწორი დამოკიდებულება" უნდა ჰქონდეს.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები