ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობაზე აზრის დამკვიდრება

გირჩი ეკონომიკის სამინისტროს: 900 000 ლარიდან, 6 თვიანი დუმილის სანაცვლოდ, ნახევარი მოგვეცით

ზურაბ ჯაფარიძე
Facebook/Zurab Japaridze

გირჩი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართავს, რომ საზოგადოებაში ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობაზე აზრის დასამკვიდრებლად გამოყოფილი 900 ათასი ლარიდან ნახევარი, 6 თვიანი დუმილის სანაცვლოდ, გირჩს მისცეს. რადგან როგორც განცხადებაში წერია, გირჩის აქტიურობის პირობებში წარმოუდგენელია რომელიმე ქვეკონტრაქტორმა დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუქცევად ფაზაშია.

"გამოდის, რომ ჩვენ, საკუთარი ჯიბიდან იძულებით ამოღებული გადასახადებიდან გამოყოფილი 900 ათასი ლარი უნდა გადავუხადოთ სახელმწიფო სსიპ-ს, რათა მან საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების გარდაუვალობაში და სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში მისი მეტი ჩარევის სიკეთეში ჩვენვე დაგვაჯეროს.

გირჩი დაარსების დღიდან ცდილობს საზოგადოებაში საპირისპირო აზრის დამკვიდრებას - რომ საქართველოს გაცილებით სწრაფი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი აქვს და ამ ბუნებრივ პროცესს ხელს სწორედ სახელმწიფოს ზედმეტი აქტიურობა უშლის.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი აქტიურობის პირობებში წარმოუდგენელია რომელიმე ქვეკონტრაქტორმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს დასახულ მიზანთან მიმართებაში (დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუქცევად ფაზაშია), გთავაზობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს: ბიუჯეტით გათვალისწინებული 900 ათასი ლარიდან ნახევარი მოგვცეთ ჩვენ 6 თვიანი დუმილის სანაცვლოდ," - წერია გირჩის განცხადებაში. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა საზოგადოებაში ეკონომიკური განვითარების შეუქცევადობაზე აზრის დასამკვიდრებლად და ბიზნესის ხელშეწყობაში სახელმწიფოს მნიშვნელოვან როლზე მოსახლეობის ინფორმირებისათვის, 900 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო on.ge-მ გაავრცელა. 

კომენტარები