ვიზალიბერალიზაცია

კობახიძე: დარწმუნებული ვარ გართულებები არ გვექნება და ვიზალიბერალიზაციას შევინარჩუნებთ

0 კომენტარი

"ყოველთვის ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ მივიღოთ ყველა ზომა ამ კუთხით პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ გართულებები არ გვექნება და შევძლებთ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთერთი უმთავრესი მიღწევაა, რასაც ქვეყანა განსაკუთრებულად უფრთხილდება.

„ჩვენ კონკრეტული ვალდებულებები გვაქვს, რომელიც ამ მიღწევიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შესაბამისი ვალდებულებები შევასრულოთ. პარლამენტი ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩართული. მივიღეთ შესაბამისი კანონპროექტების პაკეტიც იმისთვის, რომ პრობლემები თავიდან მაქსიმალურად აგვერიდებინა. გვაქვს ასევე, მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის მეც, როდესაც მაქვს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე გამოწვევებზე ამ მიმართულებით“,- აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე - რა მექანიზმების გამოყენებას გეგმავს ხელისუფლება, რათა უვიზო მიმოსვლა ბოროტად არ იქნეს გამოყენებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საუბარი სხვადასხვა სამართლებრივ მექანიზმზეა.

„მათ შორის საუბარია იმაზე, რომ ვიდრე ადამიანი სასაზღვრო კონტროლს შესაბამის ქვეყანაში გაივლის, მანამდე გარკვეული ზომები ჩვენც მივიღოთ იმისათვის, რომ ამ უფლებით ბოროტად სარგებლობა არ მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამ პრივილეგიას კეთილსინდისიერად იყენებენ და შესაბამისად, ისინი არ უნდა დაიჩაგრონ იმ ადამიანების გამო, ვინც შესაძლოა, ბოროტად იყენებდნენ ამ პრივილეგიას. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, უნდა დავიცვათ მიღწევა - ვიზალიბერალიზაცია და ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგმება”,- თქვა კობახიძემ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანმა ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მინისტრის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით. წულუკიანის თქმით, ბოლო დროს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. 

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები