რატომ ადანაშაულებს ევროპული საქართველო ენმ-ს შეთანხმების დარღვევაში და რას პასუხობს ენმ

ტაბულა

ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს, თუმცა, პარტიაში ამბობენ, რომ თვითონ იმავეს გაკეთებას არ აპირებენ. 

ორი ოპოზიციური პარტია 19 მაისს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ მარტში შეთანხმდა.

შეთანხმების მიხედვით, შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში ენმ დააყენებდა კანდიდატს, 6-ში კი - ევროპული საქართველო. შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთს ოპონირებას არ გაუწევდნენ და ერთმანეთს მხარს დაუჭერდნენ. 

თუმცა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულის მერის არჩევნებზე თავისი კანდიდატი დააყენა მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მიხედვით, მარნეულში კანდიდატს ევროპული საქართველო აყენებდა. ამასთან, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ჭიათურის მერის არჩევნებზე ევროპული საქართველოს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, დავით ჭუმბურიძეს, მხარი არ დაუჭირა. 

ევროპული საქართველოს დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, ამით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმება დაარღვია, თუმცა მისი თქმით, მისი პარტია იმავეს გაკეთებას არ აპირებს. 

"ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეთანხმების დარღვევას და მოვუწოდებთ ევროპული საქართველოს ამომრჩეველს, (ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში) სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს. ასევე იმედი გვაქვს, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მხარდაჭერის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში,"- თქვა ბობოხიძემ 25 აპრილს გამართულ ბრიფინგზე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ბობოხიძის ეს განცხადება მისთვის დამაბნეველი იყო, რადგან მარნეულთან, ზესტაფონთან და ჭიათურასთან დაკავშირებით მათი პოზიციები იმთავითვე იყო ცნობილი. ბეჟაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, იმაზე მეტი ხმა დააგროვა, ვიდრე ევროპული საქართველოს კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, მათ თავიდანვე ჰქონდათ საკითხი დაყენებული, რომ შესაძლოა, მარნეულში თავისი კანდიდატი დაეყენებინათ. 

"გაერთიანებულ ოპოზიციას ძალიან ძლიერი პოზიციები ჰქონდა, ამიტომ, ჩვენ იმთავითვე, მოლაპარაკებების დროს გვქონდა ის დათქმა, რომ მარნეულში კანდიდატის წარდგენა, სავარაუდოდ, მოგვიწევდა და ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ,"- ამბობს ბეჟაშვილი. 

აკაკი ბობოხიძე განმარტავს, რომ მარნეულთან დაკავშირებით მსგავსი შეთანხმება არ ჰქონიათ და რომ ამ ლოგიკით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი ყველა საარჩევნო ერთეულში უნდა დაეყენებინა, რადგან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვაშაძეს ყველგან ბაქრაძეზე მეტი ხმა ჰქონდა. 

"პირველ რიგში, ძალიან მიკვირს და ვწუხვარ, რომ ჩემს მეგობრებს ნაციონალურ მოძრაობაში უტიფრობა და ტყუილი უფრო დიდი პოლიტიკოსობა ჰგონიათ. მე ნაციონალურ მოძრაობას ერთ ძალიან მარტივ რამეს ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ და კარგად გაიაზრონ თავიანთი როლი მომავალ არჩევნებში და ნუ ლაპარაკობენ ამაყად, რომ ისინი არიან მთავარი ოპოზიციური ძალა. დროა, უკვე ვილაპარაკოთ ხელისუფლების შეცვლაზე. ის, რომ მსხვილი პოლიტიკური ჯგუფია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. ეს ნიშნავს, რომ ასევე დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ,"- ამბობს ბობოხიძე ტაბულასთან საუბრისას. 

ჭიათურაში მერის არჩევნებზე არც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და არც ევროპულ საქართველოს თავიანთი კანდიდატი არ დაუყენებია, თუმცა ევროპული საქართველო თავისუფალ დემოკრატებთან, ეროვნულ ფორუმთან და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად დამოუკიდებელ კანდიდატს, დათო ჭუმბურიძეს, უჭერს მხარს. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი ჭუმბურიძეს მხარდაჭერა არ გამოუცხადა და ამის ნაცვლად მოლაპარაკებებს აწარმოებს ზურაბ კუპატაძესთან, რომელიც მართალია, ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს, თუმცა ქართული ოცნების დაარსების დღიდან ამ პარტიის წევრი იყო და ამ პარტიიდან იყარა კიდეც კენჭი მერის არჩევნებზე, რომელსაც 2017 წლამდე იკავებდა. 

კუპატაძემ პარტია ქართული ოცნება 2019 წლის 15 თებერვალს დატოვა, თუმცა არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის პარტიის დატოვება ტრაგედია იყო. მათ შორის, ჩვენთან საუბარში კუპატაძემ თქვა, რომ დიდი სურვილი აქვს, ამ არჩევნებში, სადაც კენჭს დამოუკიდებლად იყრის, მმართველმა გუნდმა მხარდაჭერა გამოუცხადოს. 

"ჩემი თავი ენაცვალოს ყველას, ვინც მხარს დამიჭერს, ნეტა ბევრი იყოს მხარდამჭერი და ყველაზე ძალიან ვის მივესალმები მხარდამჭერად, იცით? ნეტა ქართულ ოცნება გადმოვიდოდეს ჩემს მხარეს. ღმერთმა ქნას, მე რაც უფრო მეტი მხარდამჭერი მეყოლება და ჩემთან ერთად ჭიათურისთვის კარგს გააკეთებენ, ღმერთმა ქნას, ქართული ოცნებაც გადმოვიდოდეს ახლა ჩემ გვერდით,"- ამბობს ზურაბ კუპატაძე. 

კითხვაზე, იქნება თუ არა უცნაური ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან იმ კანდიდატის მხარდაჭერა, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ოცნების წევრი იყო და დღემდე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს, ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი გვპასუხობს, რომ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. 

"უცნაური არის, თუ არა, თვითონ ამომრჩეველი გადაწყვეტს, მათ შორის, ჩვენი ის ამომრჩეველი, რომელიც ჭიათურაში გვყავს. ზოგადად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც მაქსიმალური რესურსი ექნება ივანიშვილის დასუსტების,"- ამბობს ბეჟაშვილი. 

სხვა საარჩევნო ერთეულებში, მათ შორის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისა და ზუგდიდის მერობის არჩევნებში პარტიების შეთანხმება ძალაში რჩება. 

კომენტარები