17 მაისი

დავითიანნი: 17 მაისის კონცერტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციისთვის ბოდიშს ვიხდით

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ორგანიზაცია დავითიანნი, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას, ამბობს, რომ 30 აპრილს არასწორი ინფორამცია გავრცელდა და ამის გამო ბოდიშსაც იხდის. 

მათ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერია: 

"17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომელთანაც შეთანხმება ბოლომდე არ გვქონდა დასრულებული.

სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი.

მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით". 

დავითიანნის წარმომადგენელმა ტაბულას კითხვებს, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს და ვინ არა 17 მაისის კონცერტში, არ უპასუხა. 

30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ სუხიშვილები, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვები. 

ქათამაძემ კონცერტში მონაწილეობა იმავე დღეს უარყო, ასევე, სუხიშვილებმა თქვეს, რომ ანსამბლი საზღვარგარეთაა, ამ ღონისძიებაში კი მათი სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ. 

ნატო მეტონიძემ პირველ არხს უთხრა, რომ კონცერტში მონაწილეობის შეთავაზებით მისთვის არავის მიუმართავს, ხოლო როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორ მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს და უთხრეს, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა. 

აჩიკო ნიჟარაძემ ტაბულას უთხრა, რომ კონცერტში არც ის მონაწილეობს, ვინაიდან 17 მაისს მას ნათია პერანიძესთან ერთად გორში ქართული სიმღერის საღამო აქვს დაგეგმილი. 

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწერა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

დავითიანნი აცხადებს, რომ "პატრიარქმა ეს დღე ლგბტ მოძრაობისგან თავის დასაცავად დააარსა, ოჯახის სიწმინდის დღეს კი უნდა იქნეს გამოხატული საქართველოს მოსახლეობის მკაფიო ნება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და არა ორი დაქორწინებული მამრის ან მდედრის".

ლგბტ აქტივისტი, გიორგი თაბაგარი ამ ღონისძიების პასუხად ამბობს:

"უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას! 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები