ვენესუელა

ხუან გუაიდომ მოსახლეობას ნიკოლას მადუროს დასამხობად გაფიცვებისაკენ მოუწოდა

ხუან გუაიდო
AP

ხუან გუაიდომ მოსახლეობას ნიკოლას მადუროს დასამხობად გაფიცვებისაკენ მოუწოდა. გუაიდოს მომხრეების აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა 46. გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ ასზე მეტი ადამიანი დააკავა.

"ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ გუშინ საკმარისი ხალხი არ იყო, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ რომ შეიარაღბულმა ძალებმა ერთად გააპროტესტონ. ჩვენ დაპირისპირებას არ ვითხოვთ ძმებს შორის, პირიქით. ჩვენ გვინდა, რომ ისინი ხალხის მხარეს იდგნენ." თქვა გუაიდომ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით აშშ კრიზისის გადასაჭრელად უკანასკნელი გზის გარდა ყველაფერს მიმართავს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, გარდა, თქვენ იცით, უკანასკნელი საშუალებისა. არის ხალხი, ვისაც სურს, რომ ამ უკანასკნელ გზას მივმართოთ.....არის გზები, რომლების ხსენებაც არ მსურს, რადგან ძალიან მკაცრია...საშინელი სიტუაციაა, ვენესუელაში ახლა ძალიან საშიშია, ამიტომ რაიმე უნდა გაკეთდეს. ერთ კვირაში ბევრი რამ მოხდება. ვნახავთ." თქვა ტრამპმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ-მა შესაძლოა, კრიზისის გადასაჭრელად სამხედრო ქმედებები განაცორციელოს. მან ქვეყნის დესტაბილიზაციაში რუსეთი და კუბა დაადანაშაულა, რომლებიც მხარს მადუროს უჭერენ.

პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ვენესუელაზე აშშ-ის გავლენას გამანადგურებელი ეფექტი აქვს და საერთაშორისო კანონებს არღვევს.

შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს ხუან გუაიდომ გამოაცხადა, რომ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დასამხობად "ფინალური ფაზა" დაიწყო და სამხედრო ძალებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ მას უზურპატორის წინააღმდეგ.

გუაიდომ ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლეოპოლდო ლოპეზთან, რომელიც შინა პატიმრობაში იმყოფება, კარაკასის ლა კარლოტას საავიაციო ბაზაზე საუბრობს:

"ეს მომენტი არის ახლა. ჩვენ ვენესუელისათვის თავისუფლებას და დემოკრატიას მოვიპოვებთ...ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ისინი ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერას ელიან, კონსტიტუციის მხარდაჭერას, გარანტიას, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგანან." ამბობს გუაიდო.

ამის შემდეგ გუაიდოს მომხრეებსა და მადუროს რეჟიმის ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ავრცელებულ ვიდეოებში მომიტინგეებმა მადუროს რეჟიმის ძალებს ქვები დაუშინეს. მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭაველი გამოიყენეს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრომ მანქანამ მომიტინგეებს გადაუარა.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავდა 69 ადამიანი.

სატელევიზიო მიმართვაშეი მადურომ თქვა, რომ გუაიდოს მომხრეები "პატარა ჯგუფს" წარმოადგენენ და მათი გეგმა ჩაიშალა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კი CNN-ს უთხრა, რომ მათი ინფორმაციის მიხედვით მადურო უკვე მზად იყო ქვეყანა დაეტოვებინა და კუბაზე გაქცეულიყო, თუმცა რუსეთმა მას ეს გადააფიქრებინა. მადურომ ეს უარყო. "გთხოვთ, სენიორ პომპეო." თქვა მან მიმართვაში. ინფორმაცია უარყო რუსეთმაც.

დონალდ ტრამპი კი საკუთარ ტვიტერზე კუბას სრული ემბარგოს დაწესებით დაემუქრა, თუ ვენესუელიდან საკუთარ სამხედრო ძალებს არ გაიყვანენ:

"თუ კუბას სამხედრო ძალები დაუყოვნებლივ არ შეწყვეტენ სამხედრო და სხვა ოპერაციებს ვენესუელაში სიკვდილის და კონსტიტუციის განადგურების მისაღწევად, კუბას სრულ ემბარგოს და უმაღლესი დონის სანქციებს დავუწესებთ. იმედია, კუბელი ჯარისკაცები დაუყოვნებლივ და მშვიდობიანად დაბრუნდებიან საკუთარ კუნძულზე!"

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელელმა ოპოზიციონერმა და ნაციონალური ანსამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა.

აშშ-ს აღაირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები