სოციალური მუშაკების პროტესტი

სოციალური მუშაკები: ჯანდაცვის უწყება ჩვენთვის მოცემულ დაპირებებს არ არსულებს

ტაბულა

​სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტრო მათთვის მიცემულ დაპირებებს არ არსულებს. 

კერძოდ, მათი თქმით, მანქანები გადაუდებელი/სწრაფი რეაგირებისა და შორ და მიუდგომელ ადგილებში წასასვლელად დაახლოებით 2 კვირის მანძილზე იდგა სოციალური მომსახურების ცენტრებთან და ემსახურებოდა სოციალურ მუშაკებს. 

მაგრამ დაახლოებით 10 დღეა, არცერთი მანქანა ადგილზე აღარ არის.

სოციალური მუშაკების თქმით, სამინისტროში მათ უთხრეს, რომ სოციალურ მუშაკს ამ მანქანების გამოყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე შეუძლია, ამასთან, უნდა დაელოდოს, როდის მივა სოციალურ მუშაკთან მანქანა წერეთლის #144-დან და შემდეგ წავა რეაგირებისთვის. 

"მაგალითად, დიდ ლილოში ბავშვზე შესაძლო ძალადობის შემთხვევაზე, სოციალური მუშაკი წერეთლის 144 ნომრიდან მომავალ მანქანას უნდა დაელოდოს. "ვიდრე წერეთლიდან ეს მანქანა მოვიდოდა, მე ვერ დავიცდიდი, ჩემით გავიქეცი და 15 წუთში ვიყავი ადგილზე, გადაუდებელი ნიშნავს გადაუდებელს!" - ამბობს ერთ-ერთი სოციალური მუშაკი. 

სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვნელის, ქეთევან ხუციშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცვის დროს სოციალური მუშაკებისთვის მათი ყველა მოთხოვნის შესრულების პირობა არ მიუცია, თუმცა, დაჰპირდნენ მანქანებს და თითო მათგანი გაფიცვის პერიოდიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სერვის ცენტრს ემსახურებოდა. 

"დაახლოებით 2 კვირის მანძილზე, როდესაც სოციალური მუშაკები გადიოდნენ ისეთ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა ადვილი არ არის, ისევე, როგორც გადაუდებელ შემთხვევებზე, ამ მანქანებით გადიოდნენ. 

10 დღის წინ სამინისტრომ თქვა, რომ ეს მანქანები ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან განლაგდებოდნენ და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მოემსახურებოდნენ". 

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათ დღემდე არ აქვთ პასუხი სამინისტროსგან, ათასობით მიმდინარე შემთხვევებზე გადაადგილების უზრუნველყოფის რა მექანიზმი შეიმუშავა სამინისტრომ.

ქეთევან ხუციშვილის თქმით, დავით სერგეენკომ ორჯერ გადადო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მოსვლა. 

"პარლამენტში მისი მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 29 მარტს იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოსმენა და მაშინ რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ ისინი აიღებდნენ მედიატორის ფუნქციას და იქნებოდნენ შუამავლები მათსა და უწყებას შორის, რომ მინისტრმა მოიძიოს ის რესურსები, რაც სჭირდება სოციალურ სამსახურს, მაგრამ უკვე ორჯერ აარიდა თავი პარლამენტში მისვლას", - ამბობს ქეთი ხუციშვილი.

მისივე თქმით, სოციალური მუშაკები ასევე ელოდებიან პასუხს კადრების დამატების შესახებ. ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე არც ერთ სოციალურ ცენტრში არც იურისტი და არც ფსიქოლოგი არ გამოჩენილა.

ამ სპეციალისტების დამატება სოციალური მუშაკების გაფიცვის დროს მათ მთავარ მოთხოვნებს შორის იყო.  

"სამწუხაროდ გვაქვს განცდა, რომ მიუხედავად სისტემის ნაკლოვანებების სრული და სამართლიანი გაშიშვლებისა, გადაწყვეტილების მიმღები პირები არ აპირებენ სოციალური სამსახურის გაჯანსაღებაზე ზრუნვას და სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას", - წერია სოციალური მუშაკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჯანდაცვის უწყებაში სოციალური მუშაკების ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. 

სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებასთან მოლაპარაკებების რამდენიმეკვირიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ისინი სისტემური პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. 10 დღიანი გაფიცვის და ჯანდაცვის უწყებიდან რამდენიმე პრობლემის მოგვარების დაპირების შემდეგ სოციალური მუშაკები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ

კომენტარები