რუსული პროპაგანდა

ვინ არის StalinGulag  - ანტი-კრემლისტურმა რუსმა ტროლმა ვინაობა გაამჟღავნა

BBC

სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარული ანტი-კრემლისტური არხის StalinGulag-ის ავტორი ალექსანდ გორბუნოვია. მან საკუთარი ვინაობა მრავალი წლის შემდეგ გაამხილა.

StalinGulag რუსეთში ყოველდღიური ცხოვრების მახვილგონივრული წარმოჩენისა და კრემლის კრიტიკისთვის გახდა პოპულარული. Twitter-ზე მას მილიონზე მეტი, Telegram-ის არხზე კი 300 ათასამდე გამომწერი ჰყავს. გორბუნოვმა საკუთარი ვინაობის გამხელა მისი ოჯახისთვის საფრთხის არიდების მიზნით გადაწყვიტა. BBC-ის ცნობით, გასულ კვირში პოლიცია მისი ასაკოვანი დედის სახლში იმყოფებოდა. გორბუნოვი სწორედ BBC-ის რუსულ სამსახურს ესაუბრა.

ვინ არის StalinGulag?

2017 წელს ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ მას „რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმომხილველი“ უწოდა.

StalinGulag-ის ბოლო დროინდელ სამიზნეებს შორის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რუსეთში ვიზიტი, უკრაინის არჩევნები, რუსეთში ესპანური ხორცისა და პარმეზანის ყველის აკრძალვა და მსგავსი თემები იყო.

ის ხშირად წარმოაჩენს რუსეთში ყოველდღიური ცხოვრების უსამართლობებსა და აბსურდულობას. მაგალითად, გასულ თვეში ნოვოსიბირსკში ნაშვილებ HIV-ის მქონე ბავშვზე დაპოსტა, რომელსაც სკოლაში სიარული აუკრძალეს, ასევე ხნიერ ავადმყოფ პაციენტზე, რომელმაც ირკუტსკის საავადმყოფოში თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც რაც სისხლის ანალიზის აღებისთვის მრავალი საათი ალოდინეს.

ფსევდომი, მისი თქმით, „ტროლინგის ფორმაა“


ფოტო: BBC

„ძალაუფლების მქონეებს უნდათ, ვიფიქროთ, რომ ისინი სტალინის საიდუმლო პოლიციასავით საშიშები არიან, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში კომერციული ხალხია, რომელთაც ფუფუნება და ფული უყვართ“.

ალექსანდრ გორბუნოვი 1992 წელს მახაჩკალაში დაიბადა, ზურგის კუნთების ატროფიით, რის გამოც ცხოვრების უდიდესი ნაწილი ეტლში გაატარა. 13 წლისამ ინტერნეტში საკვები დანამატების გაყიდვა დაიწყო და შემდეგ საკმაოდ წარმატებული გახდა, მათ შორის კრიპტო-ვალუტით ვაჭრობის საქმეში.

მან მედიკამენტების მიღებაზე და დარჩენილი დროის სამედიცინო დაწესებულებაში გატარებაზე უარი თქვა და ახლა მოსკოვში ცოლთან ერთად ცხოვრობს, როგორც თვითონ ამბობს, „კარგი ცხოვრებით“.

StalinGulag-ის სახელით Twitter-ის ანონიმური ანგარიში გორბუნოვმა 2013 წელს შექმნა. ამ დროს ჯერ კიდევ მახაჩკალაში ცხოვრობდა და დროის უმეტესი ნაწილის სახლში გატარება უწევდა.


Telegram-ის ბაზაზე ანგარიში გორბუნოვმა 2016 წელს გააკეთა. Telegram 2013 წელს ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრებმა რუსმა პაველ დუროვმა შექმნა. სწორედ ისაა რუსული სოციალური ქსელის VKontakte შემქმნელიც. ტელეგრამი მომხმარებელს ანონიმური ჯგუფებისა და არხების შექმნის და ინფორმაციის გამომწერებისთვის პირდაპირ მიწოდების საშუალებას აძლევს. აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთსა და ირანში - ქვეეყნებში, სადაც გამოხატვის თავისუფლება დაცული არაა. გასულ წელს რუსეთის მთავრობამ აპლიკაციის დაბლოკვა სცადა, თუმცა წარუმატებლად. ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ეს გახდა ახალი კანონმდებლობის მიღების მოტივიც, რომელიც რუსეთში ინტერნეტის რეგულირებას ითვალისწინებს და ძალაში 6 თვეში შევა.


2018 წლისთვის StalinGulag რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Telegram არხი იყო. წლების განმავლობში, მისი ავტორის ვინაობა საიდუმლოდ რჩებოდა. 2018 წელს ერთ-ერთმა მედიამ ის გორბუნოვის სახელთან დააკავშირა, მაგრამ StalinGulag-მა ეს კატეგორიულად უარყო. ყველაფერი გასულ კვირაში შეიცვალა, როდესაც შეიტყო, რომ მშობლიურ ქალაქში მცხოვრებ დედამისთან პოლიცია მივიდა. ქალს უთხრეს, რომ ვიღაცამ ბომბის შესახებ ცრუ მუქარის გასავრცელებლად მისი შვილის მობილური ტელეფონი გამოიყენა. პოლიცია მოსკოვში მცხოვრებ სხვა ნათესავებსაც დაუკავშირდა. გორბუნოვმა გადაწყვიტა, ვინაობა გაემხილა იმ იმედით, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება მისი ოჯახის წევრებს თავს დაანებებდა.

გასათვალისწინებელია, მარტიდან რუსეთში „ცრუ“ და ჩინოვნიკების შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელება კანონმდებლობით აიკრძალა, რამაც StalinGulag-ის მსგავსი არხების და მათი ავტორების ბედი შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს. გორბუნოვი ამბობს, რომ ის წერას გააგრძელებს და მას ვერ შეზღუდავენ, რადგან მთელი ცხოვრება შეზღუდვებით იცხოვრა.

კომენტარები