გიორგი ქობულია

ქობულია: გადამაყენეს - ხედვების სისწორეში მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა ვერ დავარწმუნე

0 კომენტარი

გიორგი ქობულიას თქმით, ის გადააყენეს და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა. 

ყოფილმა მინისტრმა ამის შესახებ რუსთავი 2-თან ისაუბრა. 

ქობულიამ "შაბათის კურიერს" უთხრა, რომ გადადგომის შემთხვევაში განცხადებას დაწერდა, ახლა კი ბრძანება გამოქვეყნდა. 

კითხვაზე, ვინ გაუშვა ის თანამდებობიდან - მამუკა ბახტაძემ თუ ბიძინა ივანიშვილმა, პასუხობს: 

"სამწუხაროდ, მე ამას ვერ დავაკონკრეტებ. რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი ხელისუფლების დატოვებას ასე სწრაფად. სხვათა შორის, ის, რომ გადამაყენეს და არ გადავდექი, იყო შედეგი იმისა, რომ მე მიმაჩნდა, რომ ჩემი აზრები, ჩემი ხედვა იყო სწორი და ვცდილობდი, ამაში ბოლომდე დამერწმუნებინა საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობაც აგრეთვე. როგორც ხედავთ, ეს ვერ შევძელი".  

გადაყენების მიზეზად ქობულია მიზეზად მასა და მთავრობის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. 

რუსთავი 2-თან ის კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა მიანიშნებს, რომ რიგ საკითხებზე კამათი ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა. 

"ხედვებში არ მოხდა თანხმობა, ჩემსა და საქართველოს მთავრობის და მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას შორის. იმ პრინციპებზე, რაზეც, მე მეგონა, რომ შევთანხმდით დასაწყისში, სანამ მე ამ თანამდებობას დავიკავებდი, ეს პრინციპები არ გამართლდა. ამიტომაც, ამას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა.

მე ვიცი, რომ გაჟღერდა 2 მიზეზი: ერთი იყო გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და მეორე - ცუდი მართვა სამინისტროსი. გადაწყვეტილების მიღების სისწრაფესთან დაკავშირებით ცოტა გასაკვირია, იმიტომ რომ კონფლიქტის ერთ-ერთი ძირითად მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ის გადაწყვეტილებების [აღსრულება], რომელიც მიმაჩნდა სწორად და ხალხის საკეთილდღეოდ, ძალიან ჭიანურდებოდა. ეს ნელი ტემპი ხშირად ხდებოდა ჩვენი ლაპარაკის და არ მინდა, ამას კონფლიქტი დავარქვა - კამათის მიზეზი. 

ვისთან იყო ლაპარაკი, არ დავაკონკრეტებ, ზოგადად არის ლაპარაკი საქართველოს მთავრობის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაზე", - ამბობს ყოფილი მინისტრი.

ქობულია არ აკონკრეტებს, რა საკითხებზე ვერ შეთანხმდა მთავრობის და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობასთან. 

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას პრემიერმინისტმა ბახტაძემ ხელი 18 აპრილს მოაწერა. მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ბრძანების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრეც ვრცელდებოდა. რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ბახტაძე ქობულიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები