მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილს, მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გამოკითხავენ

რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს, მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გამოკითხავენ. უწყება ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ყოფილი პრემიერის თავიდან დაკითხვის შუამდგომლობით პროკურატურას ადვოკატმა მიმართა. პროკურატურის განცხადებაში ასევე წერია, რომ მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა.

"ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან თვისებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ამოცნობის ჩატარება იყო შეუძლებელი. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს," - წერია განცხადებაში.

დაცვის მხარე ამბობს, რომ მერაბიშვილის პირდაპირ ადებს ხელს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და ამბობს, რომ ის აშანტაჟებდა და "იმაზე გამოკიდება 5 წლის წინ, რომ გაიყვანეს ჭაღარა იყო ის ადამიანი თუ ძალიან ჭაღარა არასერიოზულია". 

"ჩვენ მივმართეთ და მზად ვართ გავყვეთ ბოლომდე და ვანო მერაბიშვილი კიდევ მისცემს ჩვენებას, პირდაპირ ეუბნება სახელს და გვარს. ვის როგორი თვალის ჭრილი ჰქონდა შეიძლება არ ახსოვდეს. სახელს და გვარს ვეუბნებით ვინ აშანტაჟებდა, დაიჭირონ ის კაცი. ოთარ ფარცხალაძე ეუბნებოდა, რომ თუ არ მისცემდა ჩვენებას კიდევ იქნებოდა საქმეები მის წინააღმდეგ და დიდი ხანი იჯდებოდა ციხეში და რეალურად ამის მერე 4 ახალი ბრალი წარუდგინეს. შემდეგ სოზარ სუბარმა გაანადგურა მტკიცებულებები და წაშალა ჩანაწერები," - ამბობს ჩივიაშვილი.

გიორგი ჩივიაშვილი ასევე ამბობს, რომ მერაბიშვილის ახლა გამოკითხვა პიარული და მოჩვენებითი ამბავია, რადგან ზაფხულში დაგეგმილ მინისტერიალზე ხელისუფლებას რამე უნდა ჰქონდეს გაკეთებული ამ საქმეზე, რომ პოზიცია წარადგინოს.

"მინისტრთა კომიტეტმა დაავალა ხელისუფლებას დააიდენტიფიციროს და პასუხისგებაში მისცეს ყველა პირი, ვინც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაში მონაწილეობდაო. ერთი პერიოდი საერთოდ შეწყვიტეს გამოძიება და თქვეს, რომ ყველაფერი გამოიძიეს და ვანოს გაყვანა არ დადასტურდა. დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ, იძულებულები იყვნენ თავიდან დაეწყოთ გამოძება, მაგრამ საერთოდ არაფერი არ გაუკეთებიათ. ახლა ზაფხულში არის მინისტერიალი, შესაბამისად, რაღაც პოზიცია უნდა წარადგინონ, აჩვენონ, რომ რაღაცა გააკეთეს, რეალურად არაფერს არ გააკეთებენ. ეს არის პიარული მოჩვენებთი მომენტი, რომ ჩვენ გამოვკითხეთ მერაბიშვილი და რაღაცა გავაკეთეთ," - ამბობს ჩივიაშვილი.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები).

ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ.

სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

2018 წლის 6 დეკემბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

კომენტარები