მამუკა ბახტაძე

მახათას მთაზე ტექნიკური ხარვეზის გამო მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა

0 კომენტარი
ფოტო: www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრმა მახათას მთიდან ვიდეო ტრანსლირების დროს ტექნიკური ხარვეზის გამო ბრიფინგი გამართა.

16:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგი ნახევარსაათიანი დაგვიანებით დაიწყო და პრემიერმა თქვა:

"სამწუხაროდ, მახათას მთაზე შეიქმნა აუდიო და ვიდეო გადაცემისას ტექნიკური პრობლემა. მე მაქვს სურვილი, რომ გადავცე ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ საზოგადოებას".

ამის შემდეგ ბახტაძემ მოსახლეობას დღევანდელი საეკლესიო დღესასწაულები, ასევე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნა მიულოცა.

"დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ როდესაც ერს აქვს ერთიანი სულისკვეთება და ერთიანდება თითოეული ადამიანის ძალისხმევა, ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ უახლოეს პერიოდში, ჩვენ ამავე ტერიტორიაზე დავიწყებთ ახალი საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის, მუზეუმის მშენებლობას. ამავე დროს, ავაშენებთ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსაც. საგანმანათლებლო-კულტურულ მუზეუმში იქნება შესაძლებლობა, მოვახდინოთ ყველაზე დიდი სიმდიდრის - ჩვენი ეროვნული საგანძურის დემონსტრირება. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის რეალიზაციის შედეგად მახათას მთა გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობად და თითოეული ქართველისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი გახდება", - თქვა ბახტაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ტექნიკური ხარვეზი მიზანმიმართულია, უპასუხა:

"ამ მომენტისთვის ვერაფერს დაგიდასტურებთ. გავერკვევით და გეტყვით".

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრის ფეისბუქ გვერდზე მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლის ვიდეო აღარ იძებნება.

ბახტაძის განცხადებამდე ტექნიკური ხარვეზის გამო ბოდიში მოიხადა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

"საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს, 12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც ტრანსლაციის დროს მოხდა ტექნიკური ხარვეზი", - წერია საზმაუს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები