ყირიმელი თათრები

ლატვიის პარლამენტმა 1944 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად ცნო

0 კომენტარი
ფოტო: Euromaidanpress

ლატვიის პარლამენტი გახდა პირველი უცხოური პარლამენტი, რომელმაც 1944 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ ყირიმელი თათრების გადასახლება გენოციდად ცნო.

რეზოლუციის, რომელიც ლატვიის პარლამენტმა 9 მაისს დაამტკიცა ნათქვამია, მიზანია დეპორტაციიდან 75 წლის შემდეგ "მხარი დაუჭიროს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალური ანექსიის არაღიარების პოლიტიკას."

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ისტორიული წყაროები მიუთითებს, რომ საბჭოთა რეჟიმს ყირიმელი თათრების გადასახლებისას მათი, როგორც ეთნიკური ჯგუფის გენოციდის განხორციელება სურდა, მათი კულტურის, სოციალური მემკვიდრეობის და ყირიმის ნახევარკუნძულთან ისტორიული კავშირის განადგურებით.

შეგახსენებთ, რომ 1944 წელს სტალინის ბრძანებით ყირიმის ნახევარკუნძულიდან ცენტრალურ აზიაში ყირიმელი თათრების დეპორტაცია ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციის ბრალდებების შემდეგ დაიწყო.

18-დან 20 მაისამდე გადაასახლეს 191,000-ზე მეტი ადამიანი. მსხვილფეხა საქონლისათვის განკუთვნილი ვაგონებით გადაყვანისას და ცენტრალურ აზიაში გადასახლებიდან პირველ თვეებში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები.

გადარჩენილებმა და მათმა შთამომავლებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე დაბრუნება 1980-იან წლებში დაიწყეს. ნახევარკუნძულის ოკუპაცია კი რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. მას შემდეგ ნახევარკუნძულზე მცხოვრები ყირიმელი თათრები რუსეთის და მათ მიერ მხარდაჭრილი მარიონეტული ძალების მხრიდან ჩაგვრაზე საუბრობენ და ანექსიას აპროტესტებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები