კრიმინალი

განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის დაზიანებისთვის კაცს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საია

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, გ.ა.-მ უკანონოდ შეაღწია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე ი.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს. დაზარალებულმა დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. ამის გამო, 2018 წლის 12 აგვისტოს, გ.ა. შურისძიების მოტივით, თავს დაესხა მისსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ ი.დ.-ს და განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა გ.ა. იმავე დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლისკოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით) წარედგინა.

კომენტარები