ეკა ბესელია

ბესელია ფარულ კადრებზე: 9-ტომიან საქმეში ერთი მტკიცებულებაც არ დევს

ეკა ბესელია
პალიტრა

ეკა ბესელიას თქმით, ის არ აპირებს, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნას. 

დეპუტატმა პალიტრა ნიუსის ეთერში თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა და გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტალნილთა მოკლე სია მიაწოდა.

ასევე, დაზარალებულის სტატუსით წაიკითხა საქმის 9 ტომი, თუმცა, ბესელიას თქმით, მასში არც ერთი მტკიცებულება არ დევს. კითხვებზე პასუხის მისაღებად ის შს მინისტრთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს. 

"ამ მასალებში ვერაფერი სასიკეთო და იმედის მომცემი ვერ ვნახე. არც ერთი მტკიცებულება არ დევს. თუმცა ამბობენ, რომ გამოძიება დასრულებული არ არის. მინისტრ გახარიას საჯარო დაპირება, რომ ცოტა ხანში ის გვეტყვის, ვინ იყო ორგანიზატორი ამისი, საქმეში ასეთი პასუხი არ დევს. მინიშნებითაც არ ჩანს. 

ცხრა ტომი წავიკითხე, ორი დღე ვიჯექი და ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამის წაკითხვა. გამიჩნდა უფრო მეტი კითხვა, ვიდრე მქონდა. ახლა, მინისტრის საჯარო დაპირების შემდეგ ველოდები იმ მთავარ კითხვაზე პასუხს. მალე ვაპირებ მასთან და მთავარ პროკურორთან პირადად შეხვედრას. ორივესთან მაქვს მთავარი კითხვა: მითხრან ვინ დაგეგმა და ვინ განახორციელა ეს საზარელი ქმედება", - თქვა ბესელიამ. 

დეპუტატის თქმით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აზიარებს ვიდეოებს და უგზავნის მეგობრებს, მთავარი კითხვაა, ვინ დაგეგმა და განახორციელა ეს ასე ორგანიზებულად და ასეთი მეთოდით. 

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აზიარებს ვიდეოებს და უგზავნის მეგობრებს. როგორც მივხვდი, რაღაც ჯგუფი აქვთ გირჩის მოძრაობის მხარდამჭერებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, ერთმანეთს რომ უზიარებენ, ზოგი გაცნობიერებულად და ზოგი გაუცნობიერებლად. მთავარი კითხვა, ვინ დაგეგმა ეს და ვინ გააკეთა ასე ორგანიზებულად და ასეთი მეთოდით, ასეთი ღა დემონსტრაციული მეთოდით, ასეთი მასშტაბური შეტევა. ამაზე პასუხი უნდა გამცეს ორივემ. მე რაც საჯაროდ ვთქვი, ის უკან არ მიმაქვს, მე მზად ვარ, რომ სახელი დავარქვა ამ ყველაფერს. ახლა ველოდები იმ საჯარო დაპირების შემდეგ ამ კითხვაზე პასუხს. თუ ვინმეს გონია, რომ ამ თემას დღის წესრიგიდან მოვხსნი და როცა პირველად სცადეს, 2014 წელს, მე შევეცადე, არ ჩავრეულიყავი, ახლა ასე არ ვაპირებ. მე არ დავმალულვარ არსად", - ამბობს ბესელია. 

მან ამ თემაზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ვიდეოს გავრცელება მმართველ პარტიასთან ღია კონფლიქტს დაემთხვა.

"ეს ვიდეომასალა არის 9 წლის წინანდელი, სააკაშვილის პერიოდის და შემდეგ ოდნავ დამონტაჟებული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ამ ვიდეოს გავრცელება დაემთხვა ჩემს ღია კონფლიქტს მმართველ პარტიაში სასამართლოსთან დაკავშირებით. ძალიან ახლოს არის ეს ვერსია სავარაუდო პირთა წრესთან. თუ გახარია ვერ იძიებს, ეს პრობლემაა და თუ არ იძიებს იმიტომ, რომ ის უკავშირდება ისეთ ადამიანებს, ვისი გამოჩენაც არ სურს, ორივე შემთვევაში პრობლემაა. ეს კვირაც ველოდები და შემდეგ ვაპირებ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. ამ საკითხის მოხსნას დღის წესრიგდან არ ვაპირებ". 

28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1-ლ თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო". 

კომენტარები