ვანო მერაბიშვილის საქმე

ომბუდსმენი: მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე ხელისუფლებას მყარი არგუმენტების დადება მოუწევს

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ვანო მერაბიშვილის ხელახლა დაკითხვის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფოს სტრასბურგთან ძალიან მყარი არგუმენტების დადება მოუწევს. 

"შეწყალების უფლება, ეს არ არის უფლება, ეს არის პროცედურა და ადამიანის უფლებების ჭრილში ჩვენ ვერ განვიხილავთ შეწყალების პროცედურას, თუმცა რაც შეეხება [ვანო მერაბიშვილის] საკნიდან გაყვანის გამოძიებას, ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია, სახალხო დამცველი იძლევა რეკომენდაციას, რომ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არსებობს მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი რეკომენდაცია. თითზე ჩამოსათვლელი გადაწყვეტილებები აქვს სტრასბურგის სასამართლოს მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და ამ მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებსა და მის აღსრულებას სტრასბურგი განსაკუთრებული ინტერესითა და ყურადღებით დააკვირდება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ნამდვილად მოუწევს, რომ დადოს ძალიან მყარი არგუმენტები,"- ამბობს ნინო ლომჯარია.

ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით 14 მაისს კიდევ ერთხელ გამოკითხავენ. პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერის თავიდან დაკითხვის შუამდგომლობით პროკურატურას ადვოკატმა მიმართა. პროკურატურისვე განცხადებაში წერია, რომ მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს იგი სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა.

პროკურატურა ამბობს, რომ მერაბიშვილს არ შეუძლია, დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ მერაბიშვილი პირდაპირ ადებს ხელ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხაძეს და ამბობს, რომ ის აშანტაჟებდა და "იმაზე გამოკიდება 5 წლის წინ რომ გაიყვანეს ჭაღარა იყო ის ადამიანი, თუ ძალიან ჭაღარა, არასერიოზულია".  

გიორგი ჩივიაშვილი ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ მერაბიშვილის ახლა გამოკითხვა პიარის ნაწილია და მოჩვენებითი ამბავია, რადგან ზაფხულში დაგეგმილ მინისტერიალზე ხელისუფლებაზე რამე უნდა ჰქონდა გაკეთებული ამ საქმეზე, რათა პოზიცია წარადგინოს.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა. გადაწყვეტილების მიხედვით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) კავშირში მე-18 მუხლი დაირღვა (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები).

ასევე, სასამართლოს დასკვნით, მერაბიშვილის მიმართ სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან მათი გადაწყვეტილებით, არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ.

სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

2018 წლის 6 დეკემბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები