აშშ-რუსეთი

პუტინი: დადგინდა, რომ რუსეთსა და აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას შორის შეთქმულების კვალი არ არის

მაიკ პომპეო და ვლადიმირ პუტინი
Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოჭში ვიზიტისას ვლადიმირ პუტინს შეხვდა. პუტინმა პომპეოს უთხრა, რომ სპეციალური გამოძიების დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს. სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდა, თუმცა ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შეთქმულების არსებობა ვერ დადგინდა.

"ბატონი მალერის კომისიის ეგზოტიკური სამსახურის მიუხედავად, უნდა მივცე მას ეს: საერთო ჯამში, მან ობიექტური გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ რუსეთსა და აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას შორის შეთქმულების კვალი არ არის. დღეს ვიმედოვნებ, რომ უერთიერთობის კუთხით სიტუაცია შეიცვლება." თქვა პუტინმა.

ამის გარდა პომპეომ და პუტინმა სირიის, ვენესუელის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის, იარაღზე კონტროლის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. მანამდე პომპეო რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.

პომპეოს თქმით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მან ნათლად დააფიქსირა, რომ 2016 წლის არჩევნებში ჩარევის მსგავსი ფაქტი აღარ უნდა განმეორდეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ვაშინგტონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ მოითმენს. რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ამ დრომდე უარყოფს.

დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა კი ივნისის ბოლოს დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში იგეგმება. არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტზე ტრამპმა პუტინთან შეხვედრაზე უარი თქვა, სანამ ქერშის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებდნენ. მეზღვაურები კვლავ რუსეთს ჰყავს დაკავებული. ლავროვის თქმით თეთრი სახლისაგან პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე ფორმალური მიმართვა არ მიუღია, თუმცა მოხარული იქნება, თუ მსგავს სურვილს გამოთქვამენ.

კომენტარები