17 მაისი

საპატრიარქო: ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით სახალხო მსვლელობა შედგება

ტაბულა

საპატრიარქო 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობას გამართავს. 

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მსვლელობა 17:00 საათზე დაიწყება და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

"ა.წ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კვლავ შედგება სახალხო მსვლელობა რესპუბლიკის (ვარდების) მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.

მსვლელობა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

აღვნიშნავთ, რომ ეს ღონისძიება არის მშვიდობიანი და მას რაიმე სახის აგრესიასთან კავშირი არა აქვს, იგი არის ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის გამოხატულება ტრადიციული ღირებულებებისადმი.

კიდევ ერთსაც შევნიშნავთ, რომ ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი", წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ორგანიზაცია დავითიანნი ამბობს, რომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: ალილო, ერისიონი, მძლევარი და სუხიშვილები. 

დავითიანნის წარმომადგენლის, კოტე სვანიძის თქმით, რამდენიმე ადამიანთან მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს. 

"ბოლომდე ჯერაც არ გვაქვს შეთანხმებული, რამდენიმე მონაწილესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ინფორმაცია კონცერტის მონაწილეების შესახებ, სავარაუდოდ, გავრცელდება წინა დღეს. 

ვინც გამოვა, იცით - სუხიშვილები, ალილო, ერისიონი, მძლევარი". 

კითხვაზე, მონაწილეობს თუ არა კონცერტში, მაგალითად, თამრიკო ჭოხონელიძე, კოტე სვანიძემ თქვა, რომ "ვერაფერს იტყვის". 

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

ოჯახის სიწმინდის დღედ ის საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწესა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ორგანიზაცია დავითიანნის მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ სუხიშვილები, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვები. 

ქათამაძემ კონცერტში მონაწილეობა იმავე დღეს უარყო, ასევე, სუხიშვილებმა თქვეს, რომ ანსამბლი საზღვარგარეთაა, ამ ღონისძიებაში კი მათი სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ. 

რამდენიმე დღის შემდეგ ნინო სუხიშვილმა საპატრიარქოს არხის, ერთსულოვნების ეთერში თქვა, რომ  მისთვის "პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. თან მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ეკლესია დგას". 

ნატო მეტონიძემ პირველ არხს უთხრა, რომ კონცერტში მონაწილეობის შეთავაზებით მისთვის არავის მიუმართავს, ხოლო როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორ მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს და უთხრეს, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა. 

აჩიკო ნიჟარაძემ ტაბულას უთხრა, რომ კონცერტში არც ის მონაწილეობს, ვინაიდან 17 მაისს მას ნათია პერანიძესთან ერთად გორში ქართული სიმღერის საღამო აქვს დაგეგმილი. 

თამრიკო ჭოხონელიძემ კი რუსთავი 2-თან თქვა, რომ 17 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კომენტარები