თემურ ასლამაზიშვილის საქმე

16 წლის თემურ ასლამაზიშვილი პოლიციელებს ძალადობასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს

2020news.ge

16 წლის თემურ ასლამაზიშვილი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. 

მან დღეს ადვოკატებთან და დედასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თებერვალში მომხდარ ინციდენტზე დეტალურად ისაუბრა. 

​ასლამაზიშვილი ამბობს, რომ ის ქურდობისთვის დააკავეს, დანაშაულის აღიარებისთვის კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. 

"ამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა, თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთ, რაც მე ვერ ვათქმევინეო. შემდეგ როდესაც წავიდა, იქ დარჩა 7 კაცი. მათ გააგრძელეს შეურაცხყოფები, ფურთხება, გინება და მუქარა, რომ თუ არ იტყვი ვინ იყო შენთან ერთად და ის დანარჩენი ოქრო სად იმალება, ბოთლზე დაგსვამთ. როდესაც ეს მითხრეს, ერთ-ერთი ადამიანი მეორე ოთახში გავიდა და გამოიტანა ბოთლი. ვანო ქევხიშვილი და ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო პოლიციელი, მოვიდნენ და მეჯიკავებოდნენ, რომ სკამიდან ავეყენებინე.

შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავი სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ, გვატყუებსო. როდესაც მაიკა გამხადეს, როდესაც მოტეხილი ხელი დაინახეს, შეეშინდათ და გაიქცნენ. ერთ-ერთი დარჩა, აკაკი უგრეხელიძე, რომელმაც წამიყვანა და გზაში მაგინებდა, მირტყამდა მოტეხილ ხელში. როდესაც შევიდა საავადმყოფოში, მშობლების გარეშე არ მივიღებთო და ეს გამწარებული რომ ჩაჯდა მანქანაში, აი რა დამმართეო, შენ გამო უნდა ვირბინოთ და ფული უნდა გადავყაროთო, მეუბნებოდა. რაც ახლა იმათ გითხრეს და ვერ გააკეთეს, ახლა მე რომ მიგიყვანო, გაგაუპატიურებთ და ვიდეოსაც გადავიღებთო. რაღაც წამალი იყო, მაგას დავლევთო, ისე შენთან ვერ მოვალო". 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ინციდენტის შემდეგ მალევე პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს, საქმის გამოძიება კი 2019 წლის 8 მარტს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვან თ. ა.-ს მიმართ განხორციელებული წამების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144/1-ე, წამების მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

პროკურატურა აცხადებს: 

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2019 წლის 8 მარტს, ერთ-ერთ ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა ბოლნისის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს ამ ეტაპზე დაუდგენელმა თანამშრომლებმა, ბოლნისის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს არასრულწლოვან თ.ა.-ს მიმართ, რომელსაც სთხოვდნენ ქ. ბოლნისში მდებარე ერთ ერთი მაღაზიიდან 7000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობის ქურდობის აღიარებას, მოპარული ნივთების ნაწილის ადგილსამყოფელის და თანამზრახველის დასახელებას. ფიზიკური ძალადობის შედეგად, არასრულწლოვანს მოტყდა ხელი.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანის მშობლებმა ფაქტის შესახებ განაცხადეს დანაშაულიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ (დანაშაული მოხდა 2019 წლის 13 თებერვალს, ხოლო განაცხადეს - 2019 წლის 8 მარტს).

ამ გარემოებამ შეუძლებელი გახადა სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა, მათ შორის ვერ მოხერხდა არასრულწლოვანის ტანსაცმელის ამოღება, რომელზეც დაინიშნებოდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის დნმ, ტრასოლოგიური და ა.შ.

2019 წლის 10 აპრილს, პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე, არასრულწლოვანი თ. ა. ცნობილი იქნა დაზარალებულად, მის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტის გამო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, უკვე გამოიკითხა საქმეზე შემხებლობაში მყოფი არაერთი პირი, მიმდინარეობს ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან მიღებული თ.ა.-ს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. ამასთან, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება და გამოიკითხება ყველა პირი ვისი შემხებლობაც გამოიკვეთება გამოძიების პროცესში". 

კომენტარები