არჩევნები 2019

კალაძე მხარდამჭერებს: მიდით არჩევნებზე, რათა ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება პირველივე ტურში

კახა კალაძე
ტაბულა

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა , მაქსიმალურად იაქტიურონ და არჩევანი გამოხატონ, ნუ დაიზარებენ, რათა ერთად იზეიმონ პირველივე ტურში გამარჯვება. 

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.

მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ზუგდიდში, ჭიათურაში, ზესტაფონში, მარნეულსა და ხულოში, მაქსიმალურად იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. ასევე მივმართავ ჩვენსთან ამოქალაქეებს საგარეჯოში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოში, ოზურგეთსა და ახმეტაში, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, თუ როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ.

მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო ჩემს ძვირფას თბილისელებს,  მთაწმინდის მოსახლეობას, რომელიც უამრავი ისტორიის მნახველია, ყოველთვის იდგა ქვეყნისთვის საჭირო ადგილას და ახლაც, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს.

თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება", - თქვა კახა კალაძემ ბრიფინგზე. 

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

კომენტარები