NDI-ის კვლევა

NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს - "ოცნება" - 17%, ენმ - 14%, ევროპული საქართველო - 3%

ghn.ge

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ყველაზე მეტი - 27% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. 

ქართულ ოცნებას პირველ არჩევანად 17% ასახელებს (1% მეორე არჩევანად), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 14% (მეორე არჩევანად 2%). ევროპულ საქართველოს მოსახლეობის 3% ირჩევს (მეორე არჩევანად 4%), პატრიოტთა ალიანსს კი 3-3% აქვს ორივე გრაფაში. 

მოსახლეობის 26% ამბობს, რომ მეორე არჩევანი საერთოდ არ აქვს, ხოლო 2%-მა არ იცის, ვინ იქნებოდა მისი მეორე არჩევანი. არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 16%, სხვა პარტიას - 6% (მეორე არჩევანად - 5%). 12% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს. 

ამასთან, კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ, თუ არა, ვის მისცემთ ხმას?", 60% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ეს მაშინ, როდესაც ანალოგიურ კითხვაზე 2018 წლის დეკემბერში 10%-ით ნაკლები, 50% ამბობდა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი. 

გადაწყვეტილი ამომრჩევლების რაოდენობა 35%-ია, ხოლო დანარჩენმა 5%-მა არ იცის. 

ასევე, კვლევის მიხედვით, კითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?", 65% ამბობს, რომ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, 35% კი - არ მიიღებდა. 

მათი რიცხვი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, ყველაზე დაბალი 2018 წლის მარტი - ივნისი - დეკემბერში იყო. 

იმ 65%-დან, ვინც ამბობს, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა, 53% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 44% გადაწყვეტილი, ხოლო დანარჩენმა ან არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე. 

ხოლო, იმ 35%-დან, ვინც ამბობს, რომ ხვალ არჩევნები რომ ტარდებოდეს, მონაწილეობას არ მიიღებდა, გადაუწყვეტელი 74%-ია, გადაწყვეტილი 17%. 7%-მა არ იცის, დანარჩენი პასუხზე უარს ამბობს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს). 

კომენტარები