არჩევნები 2019

ჯაფარიძე: შავგულიძემ აუხსნას "გირჩელებს", რატომ უნდა დაუჭირონ მხარი, ბრმად არ გენდობით

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტიის ამომრჩეველი არავის დაუჭერს მხარს, თუ არ დაელაპარაკებიან. მან ევროპული საქართველოს მხარდამჭერებს მიმართა, მთაწმინდის მეორე ტურში გადასული შალვა შავგულიძე გირჩის გადაცემაში მივიდეს. 

"თუ ვინმეს უნდა ჩვენი ხმები, დაგველაპარაკოს, ლაპარაკი მარტივი რაღაცაა, რასაც ვითხოვთ - უნდა აგვიხსნას, რატომ იმსახურებს ჩვენს ხმებს. ამის შანსი გქონდათ ევროპულ საქართველოსაც - შალვა შავგულიძეს, ისევე როგორც სხვა კანდიდატებს, შევთავაზეთ, ჩვენთან მოსულიყო და რამდენიმე კითხვაზე გაეცა პასუხი, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი - რა ღირებულებები აქვს, რა ფასეულობები, რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანისგან მომავალში. ყველა მოვიდა, მათ შორის ანდრიაძე საპატრიარქოდან, მიხეილ გელა სალუაშვილიც კი, შავგულიძე არ მოვიდა. მეტიც, ევროპული საქართველოს მხარდამჭერები ფეისბუქზე აქეთ გვამუნათებდნენ, "ვინ ჩემი ფეხები ხართ, რომ თქვენთან საერთოდ მოვიდეს ვინმე და დაგელაპარაკოთო". დაახლოებით იმავეს ამბობდნენ, ჩვენ სახალხო არტისტები ვართ და არ გვეკადრება მოსვლაო.

ეს იციან გირჩელებმა. ახლა გვაქვს რეალობა, როცა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა არ ჩათვალა საჭიროდ გირჩის მხარდამჭერებთან საუბარი, მაგრამ მის მხარდამჭერებს რატომღაც ჰგონიათ, რომ აქვთ მორალური უფლება გველაპარაკონ თავხედურად - რა პონტში არ უჭერთ შავგულიძეს მხარსო. ისევ ცხვრები ჰქონიათ გირჩის მხარდამჭერები და არ არიან. მეტიც, მეორე ტურამდე არის ბევრი დრო, ახლაც შეუძლია შავგულიძეს, მოვიდეს და დაგველაპარაკოს, აუხსნას გირჩის მხარდამჭერებს, რატომ უნდა დაუჭირონ მას მხარი. დაელაპარაკოს და ნუ მოსთხოვს საუბრის გარეშე მხარდაჭერას, როგორც შეუძლია მოსთხოვოს არა ადამიანებს, რომელსაც აზროვნება შეუძლიათ, არამედ მათ, ვისაც აზროვნება არ შეუძლიათ. ასეთი დამოკიდებულება გირჩში არ მოსწონთ, არავის არ მოსწონს, ელემენტარული პატივისცემის გამოჩენაზეა საუბარი და არაფერი განსაკუთრებული" - ამბობს ჯაფარიძე.

გირჩის ლიდერის თქმითვე, მას შეუძლია, პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფში დაამატოს ევროპული საქართველოს ლიდერები.

"დაელაპარაკეთ გირჩელებს და აუხსენით, რა გინდათ, რატომ გინდათ, რატომ იმსახურებთ ამ ხმებს, რისთვის გჭირდებათ, რის გაკეთებას აპირებთ - ისე არავინ არ დაგიჭერთ მხარს. ოღონდ იმას გაცდით, რომ "ახლა მთავარია, ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნება"  - ამას გირჩში არ ჭამს არავინ, შინაარსი, აზრი და გულწრფელობა გვაინტერესებს" - ამბობს ჯაფარიძე.

ამასთან, გირჩის ლიდერის თქმით, "მიუხედავად შალვა შავგულიძის წესიერებისა, ყველას კარგად ესმის, რომ შალვა შავგულიძე ახლა არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა, რომელიც ხან გენპროკურორის თანამდებობაზე წარადგინა ევროპულმა საქართველომ, ახლა კი, პარლამენტში უნდა შეყვანა. მეორედ ხდება, რომ სხვა პარტიის თავმჯდომარეს მაღალ თანამდებობაზე უშვებს პარტია, რომელსაც რაღაცეებზე პრეტენზია აქვს. ეს კარგი, გასაგებია, რომ საკუთარ კანდიდატს არანაირი შანსი არ აქვს არც ერთ და მეორე შემთხვევაში და გასაგებია, შავგულიძეს არავინ არაფერს შეეკითხება, თუ ევროპულა საქართველომ ოდესმე მართლა ძალაუფლება ჩაიგდო ხელში".

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ შუალედური არჩევნები არაფერს არ ცვლის პარლამენტში და სინამდვილეში ორი რამე უნდა გაირკვეს.

"თუ მოიგო შავგულიძემ, ეს იქნება სიგნალი, რომ 1. ბიძინა სუსტდება და 2. ევროპული საქართველო იმყარებს პოზიციებს.

პირველი ძალიან კარგია, ბიძინა რომ სუსტდება, მაგრამ მეორეში, რომ ევროპული საქართველო გაიმყარებს პოზიციებს, ეს რამდენად კარგია, მაგაში გირჩში არ ვართ მაინცდამაინც დარწმუნებულები, მანამ სანამ თქვენიანი მხარს უჭერს საპატრიარქოს შემოგდებულ კანონპროექტს, რომ წილხვედრობის დღე აღინიშნოს, ზოგადად, მანამ სანამ საპატრიარქოს შემოგდებულ კანონპროექტს წინააღმდეგს არ აძლევთ, ვერ ბედავთ, რომ წინააღმდეგ მისცეთ ხმა, სანამ პარტიის თავმჯდომარე დიდი კელაპტრებით დარბის ტელევიზიებში გამოსაჩენად ყველა რელიგიური დღესასწაულზე, სანამ გულწრფელად არ დავინახავთ, ძალაუფლების და კომფორტის გარდა რა გინდათ, სანამ ნარკოპოლიტიკაზე გექნებათ ეგ პოზიცია, რომ "ჩვენ დეკრიმინალიზაციას კი ვუჭერთ მხარს, მაგრამ კომპლექსურია მიდგომაა საჭირო". სინამდვილეში, მხარს უჭერთ იმას, რომ უდანაშაულო ხალხი გაუშვათ ციხეში იმის შიშით, რ ომ ხმები არ დაკარგოთ, ამიტომ გიწევთ შუალედური პოზიციების დაჭერა.

მანამ სანამ თამაშობთ და არ გვაქვს არანაირი გარანტია, რას იზამთ, როცა ძალაუფლება თქვენი იქნება, მეტიც, სანამ ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სისტემური ძალადობა გაგრძელდება ბევრი მიმართულებით თუ თქვენს ხელში იქნება ძალაუფლება, მანამდე არ ავიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს გამარჯვებაზე, თუ ითხოვთ, ბრმად გენდოთ, რომ თქვენს ხელში სისტემა ნაკლებად ძალადობრივი იქნება, ვიდრე ბიძინას ხელშია, რავი, არ გენდობით მარტივად და არ ვაპირებთ რაღაცების ზომვას, ვის ხელში უფრო ნაკლებად ძალადობრივი იქნება სისტემა.

არც საფუძველიც არ გვაქვს, რომ გენდოთ. როცა გქონდათ ძალაუფლება, ასე იყო, მეტიც, ეს ძალადობრივი სისტემები თქვენი აწყობილია, ამათმა უბრალოდ გადმოიბარეს და არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ უკან არ გადაიბარებთ. და სარწმუნო ნიშნებს, რომ ამ რაღაცებს შეცვლით, მაინცდამაინც არ იძლევით. არ არის სარწმუნო. თქვენი ბაბლის შიგნით შეიძლება ვიღაცებს სჯერათ, მაგრამ აქეთ ნაკლებად" - ამბობს ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, 20 მაისს გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჰერმან საბომ თქვა, რომ მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე გაიმართება. ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები