ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: სტრატეგიაზე ვთანხმდებით, მაგრამ შესაძლოა, ტაქტიკური მოსაზრებები განსხვავდებოდეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მას "არც თუ ისე უმნიშვნელო წვლილი" მიუძღვის იმაში, რომ ეს პარტია დღეს არსებობს. TV პირველის გადაცემაში "რეაქცია" ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ "მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ". ის ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან დაპირისპირებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ "მიდგომებშია სხვაობა". მელიას თქმითვე, 19 მაისის არჩევნების დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან არ უკონტაქტია, თუმცა, მასთან ჩასვლას აპირებს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ შესაძლოა, თავად უკეთ ხედავს, რა ხდება ადგილზე, ვიდრე ქვეყნიდან დევნილი მიხეილ სააკაშვილი. 

"აქციები ყოველდღე უნდა ჩავატაროთ, მწვავე აქციები უნდა ჩავატაროთ, მაგრამ თარიღის დაკიდება ჩემთვის... წარმოიდგინეთ, ასი ათასობით ადამიანი ამ პროცესში არის ჩართული და იმედის თვალით შემოგვყურებს და ჩვენ არ გვაქვს მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვების უფლება. მე ვარ მომხრე ყოველგვარი აქციის, მწვავე ოპონირების საკრებულოებსა და პარლამენტში, ქუჩის აქციებისაც. თუ ამ წლების განმავლობაში რამეს ვაკეთებ და თუ ვინმე რადიკალურობით გამოირჩევა, ერთერთი მე ვარ. როგორ შეიძლება, მელიას დააბრალო, რომ არ უნდა პროცესების რადიკალიზაცია, რომელიც მოემსახურება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას,

მაგრამ თარიღის დაკიდება ერთ კონკრეტულ დღეს, დიდი მანიფესტაციის მოწყობა ისე, რომ იქიდან შედეგით ვერ წამოვალთ, ეს იქნება მთელი ოპოზიციური სპექტრის მარცხი" - ამბობს მელია და აღნიშნავს, "რა შუაშია სანდრა, სადაც სანდრა იქნება, იქ ვიქნები მე, სადაც გრიგოლ ვაშაძე იქნება, იქ ვიდგები მე და პირიქით. მიდგომებშია განსხვავება".

ნიკა მელიას შეფასებით, "მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ. არც მე ვარ ანგელოზი, მეც დამიშვია შეცდომა და არ შემითანხმებია რიგ კოლეგებთან სხვადასხვა საკითხები, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებებია".

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მას და მიხეილ სააკაშვილს ერთი მიზანი აქვთ.

"მასთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ხშირად გვაქვს კამათი, ხშირად ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მონაგარი და თუ ვინმე უნდა იყოს ამ პროცესით კმაყოფილი, ეს არის პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი. შესაძლებელია, მე აქ უკეთ ვხედავ რა ხდება კონკრეტულ მოცემულ დღეს,  ვიდრე ჩვენი მეგობარი, ლიდერი რომელზეც უკანონოდ ხორციელდება პოლიტიკური დევნა" - თქვა მელიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ანუ თქვენ უფრო ადეკვატურად აღიქვამთ?, ნიკა მელია პასუხობს, რომ "ეს ნორმალური ამბავია, ბუნებრივია, როცა თქვენ სტუდიაში ხართ, უკეთესად არ იცით, ვიდრე ჩემთან, სახლში? უკეთესად იცის ინგამ სტუდიაში რა ხდება, ვიდრე მაიკომ სახლში. ამიტომ, აქ არაფერი სკანდალის შემცველი არ არის. მეტიც, მიმაჩნია, რომ ეს არის პლუსი, როცა მე შემიძლია მიშას ვურჩიო ის, რაც საერთო საქმისთვის უკეთესია და მას შეუძლია, მე მირჩიოს".

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ყველაფერზე ისაუბრებს, "რაც მოემსახურება ოპოზიციის წარმატებას და რაც მოემსახურება პოლიტიკური დევნილების დაბრუნებას".

რაც შეეხება სანდრა რულოვსის განცხადებას, რომ აქციები ზუგდიდში უნდა დაიწყოს და ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდეს, ნიკა მელია ამბობს - "აი, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან რომ შევიკრიბებით, იქიდან უნდა წამოვიდეთ გამარჯვებულები". მისივე თქმით, "სტრატეგიაში ვთანხმდებით, ვთანხმდებით მთავარ პრინციპებზე, მაგრამ შესაძლოა, ტაქტიკური მოსაზრებები განსხვავდებოდეს".

კითხვაზე, რატომ არ გაიარა საკითხი წინასწარ პარტიის ლიდერებთან და რატომ გახდა პირდაპირ ეთერში საჭირო მისი განცხადება,  მელია ამბობს, რომ "მოხდა ისე, როგორც მოხდა".

"არ უნდა გავაკეთოთ მნიშვნელოვანი განცხადებები ემოციურ ფონზე, რომელიც დააზიანებს ოპოზიციურ მოძრაობას, კი ბატონო, აქედან გავვარდები, მოვაწყობ აქციას, გადავკეტავ რუსთაველის გამზირს, მაგრამ იმ ეტაპზე ვართ, იმ ფაზაში ვართ უკვე, რომ დიდი ფართომასშტაბიანი აქცია თბილისში უნდა ნიშნავდეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას, იქამდე უამრავი რამეა გასაკეთებელი" - თქვა ნიკა მელიამ.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ მასსა და ენმ-ის ლიდერებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი დაასახელეს და არა თავად.

"პირველი, ვინც მას დაუჭირა მხარი, ვიყავი მე" - ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისის შუალედური არჩევნების საღამოს, რუსთავი 2-ის ეთერში ჩართვისას, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გააკრიტიკა ის ოპოზიციონერი ლიდერები, ვინც უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ.

"სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ. არაფერი ისე არ აგდებს ჩვენს ამომრჩეველს ფრუსტრაციაში და არაფერი არ იწვევს ისეთ იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ "ახლა მოვალ, დედას გიტირებთ" და არ მოდიხართ. "ახლა გამოვა ხალხი გარეთ ქუჩაში" და ამას არ ვაკეთებთ, ეს არ შეიძლება. არაფერი ისე არ აგდებს ამომრჩეველს დეპრესიაში, როგორც ეს დამოკიდებულება.

ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოდის, რომ "ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას", არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩეველს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება" - თქვა მელიამ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა და ხელისუფლების შესაცვლელად "ხალხთან ერთად" იბრძოლებდა. 

კომენტარები