კრიმინალი

შსს: არასრულწლოვნის მშობიარობა ვიცოდით, არასათანადო რეაგირებისთვის პოლიციელი დავითხოვეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებისთვის ცნობილი იყო მცირეწლოვანი შვილის გაგუდვაში ბრალდებული არასრულწოვნის სახლიდან წასვლის შესახებ. მათივე ცნობით, არასრულწლოვნმა გამოკითხვის შემდეგ არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ასევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მათთვის 2018 ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანს შვილი გაუჩნდა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისთვი 1 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყდა.

გთავაზობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას:

"2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.

გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც."

დღეს, 22 მაისს, კასპში 7 თვის ჩვილის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალს დღეს წარუდგენენ.

კომენტარები