მაღაროელების გაფიცვა ჭიათურაში

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა პირი ამოიკერა.

ერთ-ერთი გაფიცული, პაატა სამხარაძე "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ პირს პროტესტის ნიშნად ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.

"ერთმა გაფიცულმა დღეს პირი ამოიკერა, ამ ფორმით აპროტესტებს ადმინისტრაციის დამოკიდებულებას. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმყოფილდება, ყოველდღე დამატებით თითო მაღაროელი ამოიკერავს პირს. მაღაროელები არ ეთანხმებიან შემოთავაზებას ხელფასების ახლა 10, შემდეგ კი 15%-ით გაზრდასთან დაკავშირებით. მაღაროელთა მინიმალური მოთხოვნაა ხელფასის 30%-ით გაზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება", - თქვა პაატა სამხარაძემ.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებული 15 ადამიანი უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. 

ამასთან, გაფიცულია ჯორჯიან მანგანეზის 150 თანამშრომელი. პროტესტი 16 მაისს დაიწყო. 

ისინი ხელფასის 50 %-ით გაზრდას ითხოვენ.

კომპანია ამბობს, რომ მზად არის, მოთხოვნა ნაწილობივ დააკმაყოფილოს, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია.

პარალელურად, თავის მხრივ გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ჯორჯიან მანგანეზი.

კომპანიის ფინანსური დირექტორი, მერაბ ლომინაძე ამბობს: 

"კომპანიის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ გაფიცვა გახლავს უკანონო. ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არსებობს ის სამართლებრივი გარემო და მოთხოვნები, რომლებიც გაფიცვის დროს უნდა იქნას დაკმაყოფილებული. ეს, პირველ რიგში, გახლავს კომპანიის ადმინისტრაციის გაფრთხილება გაფიცვასთან დაკავშირებით, იმ მოთხოვნების ფორმალიზაცია, რომელიც წარმოდგენილია გაფიცულთა მხრიდან და პირველ ეტაპზე გონივრული ვადა, რა ვადაშიც ეს მოთხოვნები უნდა იქნას დაკმაყოფილებული ყოველგვარი გაფიცვის გარეშე. ასევე, კომპანიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ყველა პროფკავშირთან, რაც ასევე გულისხმობს ფორმალობების დაცვას. 

აქედან გამომდინარე, ვინაიდან ეს მოთხოვნები იქნა დარღვეული გაფიცულთა მხრიდან, კომპანიას აქვს მყარი საფუძველი განაცხადოს, რომ ეს გაფიცვა უკანონოა". 

მისივე თქმით, ხელფასის 50%-იანი ზრდის მოთხოვნა არარეალურია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები