სექსუალური შევიწროება

ლექტორი სექსუალურ შევიწროებაზე: ჩემი ტელეფონი გატეხეს, ეს იყო დაგეგმილი სიბინძურე

facebook.com/omar.makharadze

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან", ომარ მახარაძე სექსუალური შევიწროების ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისი ტელეფონის icloud-ი გატეხილია.

"ეს არის აბსოლუტურად დაგეგმილი სიბინძურე, სიცრუე. ჩემი ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი გატეხილია. არჩევნებამდე დაახლოებით ერთ კვირაზე მეტი ხნით ადრე მე ვიგრძენი, რომ ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით მივლინებით ვიყავი ხულოში და ეს ყველამ, მთელმა რაიონმა და მთელმა პარტიულმა ელიტამ იცის. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია იცით, დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა ის რა თქმა უნდა, მოქმედი კანონმდებლობით, როგორც წესი და რიგია ისე დაისჯება", - უთხრა მახარაძემ 25-ე არხს.

შეგახსენებთ, რომ ბსუ-ს მეორეკურსელი გოგო ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს. მას შემდეგ, რაც "ბათუმელებმა" ამ თემაზე სტატია მოამზადა და ლექტორის მესიჯებიც გამოაქვეყნა, უნივერსიტეტმა კაცისთვის სალექციო კურსის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

"ბათუმელების" ინფორმაციით, სტუდენტი ლექტორისგან სექსუალური ხასიათის მესიჯებს იღებდა - ჯერ იყო მოკითხვა, შემდეგ კი ჰკითხა ყავს თუ არა ძმა ან მამა. ამას მოჰყვა მესიჯი - "თამამი სელფი გამომიგზავნე". სტუდენტი ლექტორს წერს, შეწყვიტოს ამის მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ის სტუდენტისგან კვლავ ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა "თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ".

ბათუმელები წერს, რომ მიმოწერას თან ახლავს ფოტოებიც - ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს.

გამოცემა ინფორმაციითვე, მეორეკურსელმა ჯერ სამართალდამცავებს მიმართა, შემდეგ კი სტუდენტებსაც უამბო. ისინი აჭარის ტელევიზიასთან ამბობენ, რომ არ სურთ ამ კაცმა ლექციები ჩაუტაროს. ამასთან, სტუდენტების ნაწილი ყვება, რომ ლექტორის შესახებ ინფორმაცია აქამდეც ჰქონდათ.

"მაღალკურსელები გვაფრთხილებდნენ, მაგ ადამიანის ლექციებზე გოგოები უკან დასხედითო," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ამ თემაზე საუბარს ადასტურებენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათი თქმით, ლექტორმა ეს უარყო, ახლა კი მივლინებაში იმყოფება. უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს საქმის შესწავლა და თუ ფაქტი დადასტურდება, კაცი უნივერსიტეტს დატოვებს.

საქმეზე იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ ეტაპზე გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საკითხს საკუთარი ინიციატივით სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც.

კომენტარები