დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

"ალტერნატიული ძალა, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის" - ბესელია პარტიის შექმნას აანონსებს

პარლამენტი

"არავითარი მესამე, ეს იქნება ალტერნატიული ძალა, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის" - ამბობს "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც პარტიის შექმნა დააანონსა.

ამის შესახებ ბესელია რუსთავი 2-ს ესაუბრა და თქვა, რომ პარტიის შექმნით ქვეყანაში ცვლილებების მოხდენა რეალისტურია. 

"ჩემთვის მთავარი მიზანი, რამაც შეიძლება, განაპირობოს შემდეგი სხვა გადაწყვეტილებების მიღება, არის სწორედ სამართლიანობისთვის ბრძოლა, რომელიც როგორც ჩანს, ვერ დავასრულეთ ჩვენ 1 ოქტომბერს და ვერც მის შემდგომ. ამიტომ, ნებისმიერ ფორმას, რომელიც არის ინსტრუმენტი ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია, ამას ვიხილავ და, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიაც, რომელიც აუცილებელი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ არჩევნების გზით მოხდეს ქვეყანაში ცვლილებები, ეს არის რეალისტური,"- ამბობს ბესელია რუსთავი 2-თან. 

ბესელიამ საზოგადოებრივ მოძრაობა "დაიცავი საქართველოზეც" ისაუბრა, რომელსაც დავით მაღრაძე წარმოადგენს და ამბობს, რომ მათთან ითანამშრომლებენ, რადგან ეს მოძრაობა პარტიად გადაკეთებას არ გეგმავს.

"რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას "დაიცავი საქართველო", დათო მაღრაძე და ბევრი ჩვენი მეგობარი, ის იქნება საზოგადოებრივი მოძრაობის სათავეებთან და პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებას არ აპირებენ. ამიტომ, ეს იქნება მხარდამჭერი ისეთი პოლიტიკური ძალების და, ბუნებრივია, თანამშრომლობა ჩვენ გვექნება,"- ამბობს ბესელია. 

კითხვაზე, ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან აქვს თუ არა კონსულტაციები, ბესელია ამბობს, რომ არავის გამორიცხავს. 

"ჩვენ დაველაპარაკებით ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს იდეა და მიზანი იქნება ღირებული და ვისზე დაყრდნობაც შესაძლებელი იქნება,"- ამბობს ბესელია. 

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია გააპროტესტეს.

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სადაც ის გედევან ფოფხაძემ შეცვალა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ გედევან ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია და მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა. 

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა გადადებულიყო. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ქართული ოცნება დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ. ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა, მან არა ბესელიას კანონპროექტის, არამედ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ასევე ჩააგდო. ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს, რომლისთვისაც მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო.

კომენტარები